შაბათის ფორმულას ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა კაცი უბნიდან გაიტაცეს და ავჭალის სასაფლაოზე, ნაცემ მდგომარეობაში დატოვეს.
ნაცემი კაცი საავადმყოფოშიც მოხვდა. ის პოლიციას ეუბნება, რომ არაფერი მომხდარა და სიმაღლიდან გადმოვარდა. თუმცა, შაბათის ფორმულამ გაარკვია, რომ ადგილი ჰქონდა კრიმინალურ გარჩევას და მასში ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირები მონაწილეობდნენ.
დაძაბულობა და სიტყვიერი დაპირისპირება საცხოვრებელი კორპუსის ეზოში რამდენიმე დღის წინ მას შემდეგ დაიწყო, რაც ამირან ოსეფაიშვილმა და მისმა მეგობარმა ადგილზე ძველი ნაცნობი გოგიტა მათიაშვილი დაინახეს. ოსეფაიშვილი მათიაშვილს სიტყვიერად უპირისპირდება და აგინებს.
გოგიტა მათიაშვილი გავლენიანი ბიზნესმენის ზვიად ჩხობაძის მძღოლია. ჩხობაძე RMG გოლდის ქვეკონტრაქტორი კომპანიის, ჯორჯიან ენერჯის მფლობელია, რომელიც წლების განმავლობაში ასევე გავლენიან ბიზნესმენ ბიჭიკო პაიკიძესაც ეკუთვნოდა. ჩხობაძე და პაიკიძე ერთმანეთის ბიზნესპარტნიორები არიან. ოსეფაიშვილი, სწორედ მათ კომპანიაში მუშაობდა. ის ერთი წლის წინ ფინანსური დარღვევების გამო გაათავისუფლეს. დაპირისპირების დაწყების მიზეზი სავარაუდოდ სწორედ ეს გახდა.
ადამიანი, რომელიც შაბათის ფორმულას მომხდარი დაპირისპირების დეტალებს უყვება, ამბობს, რომ სიტყვიერი გარჩევის შემდეგ გოგიტა მათიაშვილი მობილურით ზვიად ჩხობაძეს და ბიჭიკო პაიჭიძეს დაუკავშირდა და მომხდარის შესახებ უამბო. მალევე ადგილზე გაჩნდნენ სხვა პირები, რომლებმაც ოსეფაიშვილი და მისი თანმხლები პირი, ამავე კორპუსში მცხოვრები ვლადიმერ პერანიძე მანქანაში ჩატენეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
შაბათის ფორმულას ცნობით, ავჭალის სასაფლაოზე ოსეფაიშვილს და პერანიძეს სასტუიკად სცემენ. შემდეგ, ოსეფაიშვილს დანით მრავლობით ჭრილობას აყენებენ სხეულის სხვადასხვა არეში.
ავჭალის პოლიციის განყოფილებაში აცხადებენ, რომ მომხდარი დაპირისპირების შესახებ არ იციან, თუმცა ფორმულას ინფორმაციით, ადგილზე პოლიცია გამთენიისას მივიდა და შემდეგ უკვე დაკითხვების სერია დაიწყო. გამოკითხეს დაჭრილის ძმა, რომელმაც განაცხადა, რომ მისმა ძმამ ჭრილობები არა ცემისგან, არამედ სახურავიდან გადმოვარდის შედეგად მიიღო
დაპირისპირებულ მხარეებს კარგად იცნობს ქართული ოცნების დეპუტატი ვასილ ჩიგოგიძე, რომელიც წლების განმავლობაში ამ უბანში ცხოვრობდა. ჩიგოგიძემ ოსეფაიშვილის მამას შეუთვალა, რომ გარჩევის შესახებ ხმა არ ამოეღო. ეს ყველაფერი თავდაპირველად გია ოსეფაიშვილმა უარყო, თუმცა მალევე დაჭრილის მამამ განაცხადა, რომ დაპირისპირების შესახებ დეპუტატი კარგად ინფორმირებულია.
შაბათის ფორმულას ინფორმაციით, პარლამენტის დეპუტატმა საქმე ისე მოაგვარა, რომ დაპირისპირებაში არ გამოჩენილიყვნენ ქართული ოცნების მსხვილი დამფინანსებლები. სტუდია მონიტორმა შეისწავლა, რომ პაიკიძეს, რომელიც ქართული ოცნებიდან ვანის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი იყო, ამავდროულად სუს-ის უფროსთან გრიგოლ ლილუაშვილსა და მის მოადგილესთან გიგა ნიკოლეიშვილთან ნათელმირონობა აკავშირებს. პაიკიძისა და ჩხობაძის კომპანია არის დაკავშირებული საყდრისის აფეთქებასთანაც.
ფორმულას სატელეფონო ზარებს რამდენიმე დღეა არ პასუხობს არც პარლამენტის დეპუტატი, ვასილ ჩიგოგიძე. რაც შეეხება გამოძიებას, ის სსკ-ის 118-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დაკავებული კი ამ დრომდე არავინ არის.