logo
ENG



შაბათის ფორმულა: ახალგაზრდა კაცი საჩხერის პოლიციის უფროსს ზეწოლაში ადანაშაულებს

08 მაი 202120:13
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი საჩხერის პოლიციის უფროსს ბულინგსა და ზეწოლაში ადანაშაულებს. კაცი შაბათის ფორმულას უყვება, რომ ყველაფერი 10 დღის წინ მოხდა, როდესაც საჩხერის პოლიციის უფროსმა გოგა ლაბაძემ მას ქუჩაში შეაგინა.

ელდარ ქუთათელაძე ირწმუნება, რომ სწორედ ამ სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, მან თვითდაზიანებები მიიყენა, ამიტომ საავადმყოფოში მოხვდა. კლინიკიდან Facebook ლაივის მეშვეობით მან მომხდარზე ილაპარაკა, მოყვა რომ მას პოლიციის უფროსი შეურაცხყოფდა და მაღალჩინოსან ძალოვანს მანაც შეაგინა.    სწორედ ამ ვიდეო მიმართვის შემდეგ, ახალგაზრდა კაცის თქმით, საავადმყოფოდან პოლიციის უფროსის დავალებით, რიგითებმა ის მოტყუებით გაიყვანეს. 

მოგვიანებით, ქუთათელაძე, სავარაუდოდ, გამოგონილი ბრალდებით დააკავეს. ის ამბობს, რომ მანამდე განყოფილებაში სცემეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ოქმში დაწერეს, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, მისი ჯიბიდან გასაშლელი დანა ამოიღეს. 

ახალგაზრდა კაცი ამბობს, რომ იმყოფება მუდმივი თვალთვალის და ზეწოლის ქვეშ. 

ინფორმაციის გადასამოწმებლად შაბათის ფორმულა პოლიციის განყოფილებაში მივიდა, თუმცა პოლიციის უფროსი გადამღებ ჯგუფს ადგილზე არ დახვდა, ხოლო გამოჩენის შემდეგ კომენტარის გაკეთება არ ისურვა. 

ელდარ ქუთათელაძის ბრალდებების გადასამოწმებლად შაბათის ფორმულა საჩხერის საავადმყოფოშიც მივიდა. ექიმი ამბობს, რომ 23 აპრილს ქუთათელაძე მათთან ნამდვილად იმყოფებოდა.

ელდარ ქუთათელაძის საქმის განხილვას საჩხერის საქალაქო სასამართლო 4 ივნისს გააგრძელებს. ის 2500-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული, თუმცა თანხის გადახდას არავინ სთხოვს.


close დახურვა