logo
ENG



შაბათის ფორმულა: ბიზნესმენი ხელისუფლებას მოწამვლაში სდებს ბრალს, ლიკვიდაცია რუსეთში დაიგეგმა

24 აპრ 202120:25
3 წუთის საკითხავი
 

კომპანია ეპიკ ამბასადორის აღმასრულებელი დირექტორი, კონრად ბაბუნაშვილი შაბათის ფორმულასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ ის და მისი პარტნიორი ლიკვიდაციის მიზნით მოწამლეს. ბაბუნაშვილი სწორედ იმ კომპანიის დირექტორია, რომელიც შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ყოფილი პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას კამპანიას დააფინანსებს. 

მისი მტკიცებით, სისხლში ჰემოფილიის სამკურნალო პრეპარატი აღმოუჩინეს, რის გამოც მას თრომბი განუვითარდა. ბიზნეს და პოლიტიკურ წრეებთან დაახლოებული პირი შაბათის ფორმულასთან საუბარში ამბობს, რომ სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა. ის ეჭვობს, რომ მის მოწამვლასთან ხელისუფლების პირველი პირები არიან კავშირში და ეს მისი ლიკვიდაციის მიზნით დაიგეგმა. ბაბუნაშვილი ღიად საუბრობს, რომ მისი მკვლელობა თბილისში ხელისუფლების დახმარებით, რუსულმა სპეც სამსახურებმა დაგეგმეს.  

აღსანიშნავია, რომ 12 აპრილს იგივე სიმპტომებით მედიკოსებს მისმა პარტნიორმაც მიმართა. ექიმებმა ახალგაზრდა კაცს თრომბოზის დიაგნოზი დაუსვეს. პირი, რომელსაც საკუთარი ვინაობის გასაჯაროება არ სურს, ასევე დარწმუნებულია, რომ მისი დიაგნოზი შემთხვევითი არ არის და ისიც მოწამლეს. სისხლის ანალიზის პასუხს, რომელიც მის ვერსიას დაამტკიცებს, ის უახლოეს დღეებში უცხოეთიდან ელოდება.

შაბათის ფორმულამ ინფორმაცია ბოხუას კლინიკაში გადაამოწმა, სადაც ეპიკ ამბასადორის აღმასრულებელ დირექტორს ოპერაცია გაუკეთეს. მისი მკურნალი ექიმი აცხადებს, რომ ქირურგიული ჩარევის გადადება, პაციენტისთვის ლეტალურად დასრულდებოდა.​

ეპიკ ამბასადორის ხელმძღვანელები შაბათის ფორმულასთან საუბარში ყვებიან, რომ მუდმივი თვალთვალის ობიექტები არიან. მათ საცხოვრებელ სახლებთან, თუ გადაადგილებისას ბოლო რამდენიმე თვეა საეჭვო გარემოებებს ამჩნევენ.

 


close დახურვა