შაბათის ფორმულამ გაარკვია, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი ამილახვარის განათლების მინისტრად დანიშვნას გეგმავდა. კერძოდ, ამილახვარს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტი ნოემბერში უნდა დაეკავებინა.
ქართულ ოცნებაში მინისტრ მიხეილ ჩხენკელის ამილახვრით ჩანაცვლება ამ დრომდე გადაწყვეტილი იყო, თუმცა, შესაძლოა, კომიტეტის თავმჯდომარის არაკორექტულმა კომენტარმა ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე გეგმები შეცვალა. კითხვას ამ თემაზე ამილახვარი თავს არიდებს.
"რას მეკითხები სერიოზულად, ვაკის პარკში მიმდინარეობს რეკონსტრუქცია, ბავშვები თამაშობდნენ, ჩაუვარდათ ბურთი და არასრულწლოვანს რომ უნდა ჰყავდეს მეთვალყურე მითუმეტეს იქ სადაც მიმდინარეობს რეკონსტრუქცია" - დეპუტატის ამ განცხადებამ დიდი კრიტიკა გამოიწვია, რის შემდეგაც მას ბოდიშის მოხდა მოუწია.
განათლების ექსპერტები ვერ ხვდებიან და ვერც მიზეზს ასახელებენ, თუ რა დამსახურების გამო ჰქონდა გადაწყვეტილი ქართულ ოცნებას ამილახვრის განათლების მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა. ამასთან, მათი თქმით, ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ ამილახვარი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ახლო მეგობარია. ასევე ამბობენ, რომ ამილახვარის პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, ის "ყველაფერზე ხელის მომწერი კადრია".
ვინ არის გიორგი ამილახვარი - რა დამსხურებისთვის ამზადებდნენ მას განათლების მინისტრად და როგორ დააგროვა დიდძალი ქონება - ჰექტრობით მიწა შიდისში და რამდენიმე ბინა თბილისში.
შაბათის ფორმულამ გიორგი ამილახვარის დეკლარაცია შეისწავლა - დეპუტატმა მხოლოდ გასულ წელს შინდისში 2 300 კვადრატული მიწა 798 000 ლარად იყიდა. ასევე მის საკუთრებაშია ბინა, ტატიშვილის ქუჩაზე, თუმცა მეზობლების თქმით, ის ამ ტერიტორიაზე ხშირად არ დადის. დეპუტატი ქონებას ფლობს ლეონიძის ქუჩაზეც, თანამესაკუთრეებთან ერთად. როგორც ჩანს, ეს საოფისე ფართია, რომელიც პარტნიორებმა ცოტახნის წინ შეიძინეს.
ნახევარი მილიონი გადაიხადა გიორგი ამილახვარმა ამაღლების ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსის საცხოვრებლად განკუთვნილ ბინაში - ბინა მეორე სართულისა და ტერასის ჩათვლით 390 კვადრატია.
გარდა უძრავი ქონებისა, ქართული ოცნების დეპუტატი ფლობს მერსედესის მარკის 2 ახალ ავტომობილს, 25 000 ლარად შეფასებულ საათს. ის თანხას, არც მოგზაურობებისთვის და ტანსაცმლის განახლებისთვის ზოგავს - ოჯახს მხოლოდ 2022 წელს, 70 000 ლარი აქვს დახარჯული საზღვარგარეთ მოგზაურობაზე, ტანსაცმელში კი 50 000 ლარი. ის და მისი მეუღლე ფლობენ წილებს რამდენიმე კომპანიაში.
შეცლიან თუ არა მთავრობაში გადაწყვეტილებას ამილახვრის გამინისტრების შესახებ, ეს უახლოეს მომავალში გაირკვევა.