logo
ENG



შაბათის ფორმულა: დეპუტატმა მგალობლიშვილმა ვილა სახელმწიფოს მიწაზე აიშენა

10 ივნ 202321:13
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულამ ქართული ოცნების ერთ-ერთი დეპუტატის ლევან მგალობლიშვილის ქონება შეისწავლა. ცნობილია, რომ მგალობლიშვილი რამდენიმე სამშენებლო კომპანიას ფლობს, რომლებიც თბილისსა და გუდაურში საცხოვრებელ ბინებს აშენებს. მისივე ინიციატივით მიიღო პარლამენტმა კანონი სამშენებლო მოსაკრებლის შესახებ, რომელიც მგალობლიშვილის ბიზნესს არ ეხება.

შაბათის ფორმულამ დაადგინა, რომ ლევან მგალობლიშვილის კუთვნილი წყნეთის ვილა, დღემდე მერიის საკუთრებაა - ამიტომ ძვირადღირებული სახლი, არც მის დეკლარაციაში აისახა. კერძოდ, რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრის თანამედროვე ვილა ქართული ოცნების დეპუტატს დღემდე არ დაურეგისტრირებია. მგალობლიშვილმა 2 წლის წინ წყნეთის ტყეში სახლი ისე აიშენა, შემდეგ 2 წელი ისე არემონტა, რომ უკანონო მშენებლობის გამო მხოლოდ ერთხელ დააჯარიმეს.

შაბათის ფორმულამ დოკუმენტებიდან გაარკვია, რომ მგალობლიშვილს სახლის მშენებლობა ჯერ კიდევ 2020 წელს შეუჩერეს. თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ის დააჯარიმა და უნებართვოდ აშენებული სახლის და ღობის დემონტაჟი დაავალა. მგალობლიშვილს ეს მოთხოვნა დღემდე არ შეუსრულებია. ამ ამ დრომდე არ გადაუხდია არც 25 000 -ლარიანი ჯარიმაც, რომელიც უკანონო მშენებლობისთვის დააკისრეს. მგალობლიშვილმა ჯარიმა სასამართლოში გაასაჩივრა და ამით, სავარაუდოდ, დროის მოგებას ცდილობს, რომ ტერიტორია დაიკანონოს.

სახლი წყნეთის ტყეში ერთადერთი არ არის, რომელიც დეპუტატის საქმიანობაში კითხვის ნიშნებს აჩენს. უკანონო მშენებლობის მფლობელი ლევან მგალობლიშვილი საცხოვრებელი ბინების მშენებლობითაა დაკავებული. ფლობს რამდენიმე სამშენებლო კომპანიას, მათ შორისაა შპს მარშალ დეველოპმენტი, შპს მარშალ დიდი დიღომი, შპს ლევანიტა, შპს მარშალ ქონსთრაქშენი. ოჯახურ ბიზნესში მგალობლიშვილის მეუღლე ნონა ხიდირბეგიშვილიცაა ჩართული - მას გაყიდვების სამსახური აბარია.

სამშენებლო ბიზნესით დაკავებულმა დეპუტატმა პრივილეგიები საკუთარი ბიზნესისთვის საპარლამენტო საქმიანობითაც მოიპოვა. მგალობლიშვილი იმ საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორია, რომლის მიხედვით, შარშან მშენებლობის ნებართვისთვის კომპანიებს მოსაკრებლის ღირებულება 4-დან10 ლარამდე გაუძვირეს, თუმცა ეს ცვლილება კორპუსების მშენებლობებს, ანუ მის ბიზნესს არ შეხებია. ქართული ოცნების დეპუტატის საქმიანობა ორგანიზაცია დემოკრატიის ინდექსმა შეისწავლა. ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ საკუთარი ბიზნესინტერესების ლობირებისთვის მგალობლიშვილს დეპუტატის მანდატი უნდა ჩამოერთვას.

ლევან მგალობლიშვილზე, რომელმაც ამერიკის საელჩოში მომხდარი ინციდენტით დაგვამახსოვრა თავი, შაბათის ფორმულა ჯერ კიდევ გასულ წელს გიყვებოდათ. დეპუტატი პრესტიჟულ უბანში ფლობს სარდაფს, სადაც სტრიპტიზ კლუბია განთავსებული, იჯარით აქვს გაცემული ფართები.


close დახურვა