logo
ENG



შაბათის ფორმულა: ივანიშვილის ფერმასთან წყლის მისაყვანად, მდინარე ძირულას კალაპოტს უცვლიან

22 აპრ 202321:24
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ძირულას ხეობაში ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი მდინარის კალაპოტის შესაცვლელად სამუშაოებს აწარმოებს.

პროექტის მიხედვით, მთის მდინარე ლითონის მილებში კალაპოტის შესაცვლელად უნდა მოაქციონ - მისი ახალი მარშრუტი ოლიგარქის გარეული ფრინველების ფერმაა. კალაპოტის შეცვლა სახელმწიფოს 20 მილიონი ლარი უჯდება. ბიუჯეტი პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე დაამტკიცა.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის გარეული ფრინველების ფერმას - ტყის ნაწილი ოლიგარქმა 25 მეტრის სიმაღლეზე შემოღობა და ბადეებით გადახურა. გალიად გადაქცეულ ტყეში, გნოლები, ხოხბები და კაკბები უნდა გაუშვან. საჩხერის ტყის მონაკვეთი, ივანიშვილების ოჯახის საკუთრებაში 49 წლით იქნება. 125 000 კვადრატულ მეტრ მიწაზე, გარეული ცხოველების ფერმა, ოფიციალურად ივანიშვილის ცოლის, ეკატერინე ხვედელიძის კომპანია - შპს აგრო ქართუს ეკუთვნის.

ივანიშვილების ფერმასთან შაბათის ფორმულამ ლითონის ის მილები გადაიღო, რომელშიც ოლიგარქის დავალებითა და პრემიერმინისტრის ხელმოწერით საჩხერის მთის მდინარე - ძირულა უნდა მოაქციონ. ძირულას ხეობის 7 სოფლიდან შეცვლილი კალაპოტით, მდინარის წყალი, ივანიშვილის ხოხბების, კაკბებისა და გნოლების ფერმასთან, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით მიჰყავთ.

პროექტი ტენდერის მიხედვით 2024 წელს უნდა დასრულდეს. პროექტს კომპანია შპს მშენებელი 80 ასრულებს. კითხვისნიშნები ამ კომპანიასთან დაკავშირებით სხვა ტენდერების შესრულების დროსაც არსებობდა. დირექტორი ქართული ოცნების მსხვილი შემწირველია, მმართველი პარტიისთვის მას 60 000 ლარი აქვს შეწირული.

სახელმწიფო ორგანოები მდინარისთვის კალაპოტის შეცვლას და მილებში მოქცევას სოფელ კორბოულისთვის წყლის პრობლემის მოგვარებით ამართლებენ და ამბობენ, რომ სოფელს წყალი დიდი ხანია არ აქვს და ახლა ეს პრობლემა უნდა გადაჭრან - მას შემდეგ რაც, სოფლის მიმდებარედ, ტყეში, ივანიშვილების ხოხბების ფერმა გაშენდა.


close დახურვა