logo
ENG



შაბათის ფორმულა: კანონიერი ქურდი, რომელსაც ინტერპოლი ეძებდა, საქართველოში შემოუშვეს

16 აპრ 202220:17
3 წუთის საკითხავი
 

ე.წ. კანონიერი ქურდი გიორგი კილაძე იგივე გეგა ოზურგეთსკი უკრაინაში 14 მარტს დააკავეს. ამ დაკავებამდე საერთაშორისო ძებნილი საქართველოში იმყოფებოდა.

შაბათის ფორმულას წყარომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტიდან მიაწოდა დოკუმენტაცია, რითაც მტკიცდება, რომ წითელი ცირკულარით ძებნილი გიორგი კილაძე საქართველოში შემოვიდა, 7 საათში კი ირანში გაფრინდა. ძებნილი თურქეთიდან  დეპორტით გამოუშვეს, კილაძემ აეროპორტში რამდენიმე საათი დაყო, სანამ პოლიცია მას საბუთებს მოუწესრიგებდა და სხვა ქვეყანაში გააცილებდა.

წყაროს მიერ მოწოდებული საზღვრის კვეთის დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ გეგა ოზურგეთსკიმ საზღვარი გადმოლახა, ის სამართალდამცავებმა გააჩერეს, თუმცა მხოლოდ 7 საათით, საკანში გადაყვანის ნაცვლად კი ქვეყნის დატოვების საშუალება მისცეს. გეგა ოზურგეთსკი თბილისიდან ირანში გადაფრინდა. ძებნილი კრიმინალური ავტორიტეტები კანონის მიხედვით სახელმწიფომ უნდა დააკავოს, თუმცა რატომ მისცეს საშუალება კანონიერ ქურდს ქვეყნიდან გასულიყო, შინაგან საქმეთა სამინისტროში პასუხი არ გაუციათ.

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ქვეყნის საზღვარი რამდენჯერმე ლავას ოღლიმაც  უპრობლემოდ გადმოკვეთა, ბოლოს არჩევნების წინ. საქართველოდან გაპარებული კანონიერი ქურდი იმავე წლის სექტემბერში ბულგარეთში დააპატიმრეს, უკრაინული მხარის მოთხოვნით კი კიევს გადასცეს.

საბოლოოდ უკრაინულმა სასამართლომ 2020 წლის მარტში ადამიანის გატაცების ბრალდებით 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ის სასჯელს ჩერნიჰივის ოლქის დროებითი მოთავსების იზოლატორში იხდიდა. უკრაინა-რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, ჩერნიჰივი დროებით რუსი ოკუპანტების კონტროლქვეშ მოექცა - გეგა ოზურგეთსკი ციხიდან გაიპარა, თუმცა, ის უკრაინელმა სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს.


close დახურვა