შაბათის ფორმულას ინფორმაციით, მარტვილში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი რობერტ აბრახამია ადგილობრივ მოსახლეობას ქართული ოცნებისთვის სასარგებლოდ ხმის მიცემას აიძულებს.
კერძოდ, აბრახამია უზრუნველყოფს ხელისუფლების სასარგებლოდ ხმების მობილიზებას. მეთოდები უცვლელია - დაშინება, ზეწოლა, მოსყიდვა.
მარტვილიდან 7 კილომეტრში არის სოფელი სერგიეთი, რომელსაც სუს-ის სოფელს ეძახიან. აქ ყველამ იცის, რომ ამ თემაზე ღიად არ უნდა ისაუბრონ, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ და არჩევნების პერიოდში. თითოეული ოჯახი კარგად იცნობს თანასოფლელს, რობერტ აბრახამიას, რომელიც წლებია მარტვილში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსია და სოფელს აკონტროლებს. სწორედ მის გამო შეარქვეს სერგიეთს სუს-ის სოფელი. სერგიეთელებისთვის წინასაარჩევნოდ ფულის დარიგება ადგილობრივებმა ფორმულას დაუდასტურეს.
ერთ-ერთ ოჯახში ყვებიან, რომ ქართული ოცნების მხარდაჭერის სანაცვლოდ 600 ლარი გადაუხადეს. ფულს ზოგს ხელზე აძლევდნენ, ზოგს კი ფორმალურად მმართველი პარტიის კოორდინატორად აფორმებდნენ, თუმცა არც ერთ ადგილობრივს არჩევნებზე რეალურად არ უმუშავია.
როგორ იმუშავებენ წინასაარჩევნოდ მოსახლეობის დაშინებაზე რწმუნებულის ოჯახის წევრები, თუ სამთავრობო რესურსის სხვა წარმომადგენლები, ამ ყველაფერს სწორედ სუს-ის უფროსი მარტვილის რაიონში, რობერტ აბრახამია აკონტროლებს.
შაბათის ფორმულას ინფორმაციით, სერგიეთი ერთადერთი სოფელი არაა მარტვილის რაიონში, სადაც ქართულმა ოცნებამ ხმები წინასაარჩევნოდ დაშინების, ზეწოლისა და მოსყიდვის გზით მოიპოვა. სოფელ ნაგვაზაოში ოპოზიციის ამომრჩევლებს პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ არჩევნებზე არ მისულიყვნენ.
ძმებ სურმავებს აქ ყველა იცნობს, თუმცა თანასოფლელზე საუბარს ერიდებიან. ერთი ძმა საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, მეორე კი ქართული ოცნებიის სიის მეორე ნომერია. ფორმულას ინფორმაციით სწორედ ისინი ახდენდნენ ოპოზიციის ამომრჩეველზე ზეწოლას
ფორმულას ინფორმაციით, მარტვილის რაიონში წინასაარჩევნოდ ხმების ზეწოლის და შანტაჟის გზით მობილიზებაში, ხელისუფლებას კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებიც ეხმარებოდნენ. არჩევნები დამთავრდა, თუმცა ადგილობრივები ამ დრომდე ვერ ბედავენ ფაქტებზე ღიად საუბარს.