შაბათის ფორმულას ხელში ჩაუვარდა წერილი, რომელიც მეუფე ზენონმა, სინოდის ერთ-ერთმა გავლენიანმა წევრმა, ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსმა, 2017 წლის სინოდის სხდომაზე გაასაჯაროვა და რომლის მიხედვითაც შეიცვალა მოსაყდრის არჩევის წესი.
ზენონ ირაჯული მიუთითებდა, რომ თუ იმ ფორმით დანიშნავდნენ მოსაყდრე შიოს - რა შინაარსითაც პატრიარქის ბრძანება იყო გამოცემული - იარსებებდა ეკლესიაში ორ ხელისუფლებიანობის საფრთხე. 2017 წელს ზენონმა ეს წერილი 47-ვე ეპისკოპოსს გაუგზავნა. შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ზენონს ეთანხმებოდნენ დანარჩენებიც, თუმცა ღიად საკუთარი პოზიცია ყველამ ვერ დააფიქსირა, რადგან იყო შანტაჟი მათი მისამართით.
ფორმულას მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით შეიძლება იმის თქმა, რომ მოსაყდრე შიო მუჯირის არჩევა იმ ფორმით - რაც პირველად ბრძანებაში ეწერა - ჩრდილოვანი ძალების სურვილი იყო.
"საქმე გვაქვს მემკვიდრის დადგენასთან, რაც წინააღმდეგობაში მოდის არა მხოლოდ საქართველოს ეკლესიის მართვა გამგეობის დებულებასთან, არამედ მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური სამართლის ნორმებთან".
მეუფე ზენონი ცდილობდა, მღვდელმთავრებისთვის არგუმენტირებულად აეხსნა, თუ რატომ დგება კითხვის ნიშნის ქვეშ შიო მუჯირის თანამოსაყდრედ დანიშვნის საკითხი. მოსაყდრის ინსტიტუტის ანტიკანონიკურობის დასამტკიცებლად, მას წერილში ისტორიულ საფუძვლებთან ერთად, სამართლებრივი და კანონიკური ნორმებიც მოჰყავს.
"ეპისკოპოსს არ აქვს უფლება, თავის ნაცვლად დაადგინოს სხვა ვინმე, თვითონ აღსასრულს მიახლოებულიც რომ იყოს. თუ ვინმე ამის მსგავსს ჩაიდენს, ეს დანიშვნა დაუმტკიცებელი იქნება" - (ანტიოქიის კრების 23-ე კანონი)
ერთ ქალაქში ერთზე მეტი ეპისკოპოსი რომ უნდა იყოს, ეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა 2017 წლის 23 ნოემბერს გადაწყვიტა, როდესაც ქაშვეთის ტაძარში, გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი წირვის დაწყებამდე განაცხადა.