logo
ENG



შაბათის ფორმულა: ოცნებამ შემომწირველ კომპანიებს 33.8 მლნ-ის კონტრაქტები უტენდეროდ გაუფორმა

27 ნოე 202121:15
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ქართული ოცნების შემომწირველმა ბიზნესმენებმა სახელმწიფოსთან მილიონობით ლარის კონტრაქტები გამარტივებული შესყიდვებით გააფორმეს. საუბარია ჯამში 31 შემომწირველზე, რომელთა შემოსავალი პანდემიის პარალელურად ჯამში გაიზარდა. კერძოდ, გამარტივებული შესყიდვის გზით სამშენებლო მომსახურებაზე ჯამში ამ კომპანიებმა 33.8 მლნ ლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმეს.

ერთ-ერთი ასეთი კომპანია ინსია, რომლის დირექტორიც თოიძეა. შაბათის ფორმულამ თოიძეს კითხვები 2020-2021 წლებში თბილისის განვითარების ფონდთან დადებულ ხელშეკრულებებზე დაუსვა, რომლის ჯამური ღირებულება, 13 მილიონი ლარია. საეჭვო არაფერი იქნებოდა, რომ არა პანდემიის ფონზე გაჩერებული ეკონომიკის პირობებში ტენდერის გვერდის ავლით, გამარტივებული შესყიდვით დადებული შეთანხმება ძველი უბნების რეაბილიტაციაზე, რაც გადაუდებელი აუცილებლობა არ იყო. და კიდევ ერთი, თოიძის მიერ ქართული ოცნებისთვის შეწირული 50 000 ლარი.

ზვიად თოიძე ქართული ოცნების ერთადერთი შემომწირველი არაა, რომელსაც ხელისუფლებამ რამდენიმემილიონიანი კონტრაქტი გაუფორმა. კომპანია გზამშენი 18-ის მფლობელებისგან მმართველმა პარტიამ ჯამში 25 000 ლარი მიიღო. ამის შემდეგ, ხელისუფლებამ 2020-21 წლებში საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვით, მათთან 2 კონტრაქტი გააფორმა, ჯამში 1 მილიონ ლარზე.

შაბათის ფორმულა ასევე გარდაბნის მერიაში შეეცადა გაეგო, თუ რატომ გახდა სპორტული ტრენაჟორების მოწყობა პანდემიის დროს გადაუდებელი აუცილებლობა, რის გამოც მერიამ კომპანია ფოლადის სახლი ქონსთრაქშენს თითქმის ნახევარმილიონიანი 12 კონტრაქტი გამარტივებული შესყიდვით გაუფორმა. აქედან 11 ერთ დღეში. ეს ის კომპანიაა, რომლის მფლობელებმაც სალომე ზურაბიშვილს 60 000 ლარი შესწირეს.

გარდა ამისა, სამმა სხვადასხვა კომპანიამ ჯამში 8 მილიონამდე ლარის კონტრაქტები გააფორმა საავტომობილო გზების დეპარტამენტთან. კონტრაქტები ტენდერების გარეშე გაფორმდა. თითოეული კომპანია ქართული ოცნების შემომწირველია. სამივეს ერთად კი მმართველი პარტიისთვის 65 ათასი ლარი აქვს გადარიცხული.


close დახურვა