logo
ENG



შაბათის ფორმულა: ოცნების ჩინოსნები შაორის ტბასთან მიწებს იკანონებენ

06 მარ 202120:17
3 წუთის საკითხავი
 

შაორის ტბის გარშემო ჰექტრობით ტერიტორია ქართული ოცნების საკრებულოს წევრებმა, გემგებლებმა და პარტიის აქტივისტებმა გაინაწილეს. 

ჭელიაღელის თემის რწმუნებულს, გოჩა აბუთიძეს ამბროლაურის მერმა უფლებამოსილება რამდენიმე დღის წინ შეუჩერა. საქმე შაორის მიმდებარედ მიწების უკანონოდ დატაცების საქმეს უკავშირდება. შაბათის ფორმულასთვის ცნობილი გახდა, რომ მიწების სკანდალის გამო მერიაში ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს, რომელსაც მერის მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი კურირებს.

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ერთმანეთს ქართული ოცნების ორი შიდა ფრთა დაუპირისპირდა - გოჩა ენუქიძის, მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატის და რაჭა-ლეჩხუმის ყოფილი გუბერნატორის არჩილ ჯაფარიძის. 

როგორც წესი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიწებს სპეციალური კომისია აკანონებს. ნაკვეთების სამართლებრივად ფლობის საკითხს კი კომისიასთან ერთად მუნიციპალიტეტის რწმუნებულები ამოწმებენ.

გოჩა აბუთიძე თავადაა საჯარო მოხელე, რომელმაც შაორის მიმდებარედ 10 მიწის ნაკვეთი დაიკანონა, მათი საერთო ფართობი 23 000 კვ.მ-ია. უფლებამოსილება შეჩერებული აბუთიძე ამტკიცებს, რომ მიწებს კანონიერად ფლობს და საკუთარი გავლენები არასდროს გამოუყენებია. 

გოჩა აბუთიძე ერთადერთი არ არის, რომელსაც მერის ბრძანებით უფლებამოსილება შეუჩერეს. მასთან ერთად მიწების გადანაწილების სკანდალში კიდევ 4 პირია ჩართული. მათ შორის 2 სოფლის რწმუნებულია, ერთი აუდიტის სამსახურის თანამშრომლები, ერთი კი ამბროლაურის მერიის ადმინისტრაციის უფროსი ინეზა ბანძელაძე. მას მერის ბრძანებით უფლებამოსილება 23 თებერვალს შეუჩერეს.


close დახურვა