შაბათის ფორმულას ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მაღალჩინოსნები, საკუთარ თანამშრომლებს აზარტული თამაშებისთვის ფულს სძალავენ.
შაბათის ფორმულას წყარო პოლიციიდან უყვება, რომ ფოთის და ზუგდიდის საპატრულო პოლიციის მაღალი თანამდებობის პირები აზარტულ თამაშებზე იმდენად არიან დამოკიდებულნი, რომ თანამშრომლებსაც ატერორებენ. მაღალჩინოსნები პატრულ ინსპექტორებს და სხვა დაბალი რანგის პოლიციელებს სხვადასხვა ოდენობის თანხის ბიზნესმენებისგან გამოძალვას და მათთან მიტანას აიძულებენ, სანაცვლოდ კი ბიზნესს ხელშეუხებლობას ჰპირდებიან.
შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ლუდომანიის სქემის სათავეში ფოთის საპატრულო პოლიციის უფროსი თორნიკე იზორიაა, ცნობილი ჩხოროწყუელი ბიზნესმენის ჯუმბერ იზორიას შვილი. ჯუმბერ იზორიამ საზოგადოებას თავი მის მიერ ჩხოროწყუს ცენტრში გახსნილი ძეგლით დაამახსოვრა. ამჯერად ლუდომანიის სკანდალში გახვეული თორნიკე იზორია გასულ წელს ძალადობის ბრალდებით იყო დაკავებული, თუმცა 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა და ისევ სამართალდამცავ სისტემაში მუშაობს.
ზუგდიდის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ, მალხაზ ხარჩილავამ, აზარტული თამაშების გამო, ბინაც გაყიდა.
კანონი საჯარო მოხელეებს აზარტულ თამაშებს უკრძალავს, ამიტომ პოლიციის მაღალჩინოსნებმა, სათამაშო ანგარიშები (ექაუნთები) სხვებზე გააფორმეს.
შაბათის ფორმულას ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული ვითარების შესახებ იცის გენინსპექციამაც, თუმცა არაფერს აკეთებს.