logo
ENG



შაბათის ფორმულა: პრორუსმა ლევან ვასაძემ კიკეთში რუსული სკოლა გახსნა

18 მარ 202321:20
3 წუთის საკითხავი
 

პრორუსმა და ჰომოფობმა ლევან ვასაძემ კიკეთში კერძო სკოლის ბაზაზე რუსული სასწავლებელი გახსნა. სწავლა სრულად რუსულ ენაზე და რუსული საგანმანათლებლო სტანდარტებით უკვე 2 თვე მიმდინარეობს.

მოსწავლეებს რუსეთის ისტორიასაც ასწავლიან, თუმცა ის, რომ პუტინის რეჟიმმა, საქართველოს 20% მიისაკუთრა, პროგრამაში შეტანილი არ არის. განათლების სამინისტროს ამ ყველაფერზე წერილობითი ზოგადი პასუხი აქვს და დამატებითი კითხვების დასმის საშუალებას არ იძლევა.

ფორმალურად სექტორად წოდებული სასწავლებელი სრულფასოვანი სკოლის დანიშნულებით მუშაობს - აქვს ცალკე შენობა, შესაბამისი ინფრასტრუქტურით და ისწავლება ყველა საგანი, რასაც ბავშვები სასწავლო დაწესებულებაში სწავლობენ, თუმცა მხოლოდ რუსულ ენაზე და რუსული საგანმანათლებლო პროგრამით. ბავშვები სასწავლებელში სკოლის ავტობუსს მოჰყავს.

რუსულ სკოლას, რომელშიც ამ ეტაპზე პირველიდან მეხუთე კლასის ჩათვლით მოსწავლეები სწავლობენ, აქვს საკუთარი ვებ-გვერდი. საიტზე პირდაპირ წერია, რომ სასწავლო პროგრამა შეესაბამება რუსულ საგანმანათლებლო სტანდარტს. კლასიდან კლასში გადასასვლელად კი ბავშვები ონლაინ რეჟიმში, რუსეთში დანერგილ საოჯახო სწავლების პლატფორმაზე გამოცდას აბარებენ. შედეგების მიხედვით კი მოსკოვის, ან პეტერბურგის სკოლებში შემდეგი კლასის მოსწავლეებად ირიცხებიან.

ივან გლადიბოროდა პრორუსული იდეოლოგიის მატარებელი ლევან ვასაძის რუსული სკოლის ხელმძღვანელი და ისტორიის მასწავლებელია. შაბათის ფორმულა მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა მასთან გასაუბრებას, თუმცა გლადიბოროდამ სკოლა ისე დატოვა, რომ შაბათის ფორმულას კამერას დაემალა.

თავად ვასაძე მოსკოვშია, მისი მეუღლე კი შაბათის ფორმულასთან საუბრისას ომს გამოქცეული რუსების დახმარების აუცილებლობაზე საუბრობს. 

ლევან ვასაძის ცოლი გვიმტკიცებს, რომ მისი მისმა მეუღლემ არა რუსული სკოლა, არამედ საგანმანათლებლო წრე გახსნა. ის, რასაც ნინო დურგლიშვილი წრეს ეძახის, ასე გამოიყურება - ყოველდღე, დილის ცხრიდან საღამოს ექვსამდე ისწავლება - მათემატიკა, უცხო ენები, ისტორია, სლავური ენები, ხელოვნება, მუსიკა, სპორტი. სასწავლებელი ყველგან, როგორც ვებ-გვერდზე, ისე ინსტაგრამზე, მოხსენიებულია როგორც სკოლა და არა როგორც დამატებითი საგანმანათლებლო წრე, ან კლუბი.

ქვეყანაში, რომლის 20% პუტინის რეჟიმის მიერაა ოკუპირებული რუსული საგანმანათლებლო დაწესებულებები ყოველგვარი სახელმწიფო ავტორიზაციის გარეშე ფუნქციონირებენ.

ბოლო მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 3400-მდე მოქალაქემ უკვე მიიღო.


close დახურვა