logo
ENG



შაბათის ფორმულა: პუტინის რეჟიმს გამოქცეულებს საქართველოს ხელისუფლება თავშესაფარს არ აძლევს

15 მაი 202120:30
3 წუთის საკითხავი
 

ალექსანდრ მანდიუკოვი საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფარს თითქმის 3 წელია უშედეგოდ სთხოვს.  რუსეთში მის წინააღმდეგ, ქრთამის აღების მუხლით საქმეა აღძრული. შაბათის ფორმულასთან საუბარში ის ამბობს, რომ უდანაშაულოა და მას ФСБ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო დევნის.

მისი თქმით, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მიგრაციის სააგენტოში, პროკურატურასა და იუსტიციის სახლში თავისი ფეხით მივიდა და სახელმწიფო ორგანოებს დახმარება სთხოვა, თუმცა მასთან კავშირზე დღემდე არავინ გამოსულა. მიგრაციის სამინისტრომ პუტინის რეჟიმს გამოქცეულ რუსეთის მოქალაქეს პოლიტიკური თავშესაფარი არ მისცა.

 მანდიუკოვის რუსეთში ექსტრადირების მოთხოვნა ოფიციალურმა თბილისმა 2019 წელს მიიღო - ის დააკავეს. მას 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, რომლის ვადაც მოგვიანებით 9 თვემდე გაიზარდა. მიზეზად ქვეყნიდან გაქცევის შესაძლო მცდელობა დასახელდა.

ბრალის წარდგენის დღეს მას ოპერაცია გაუკეთდა. ალექსანდრ მანდიუკოვი ყვება, რომ მას რეაბილიტაცია სჭირდებოდა თუმცა მოთხოვნის მიუხედავად ციხის საავადმყოფოში არ გადაიყვანეს. მას ციხეში თანასაკნელები უვლიდნენ, მათ შორის კრიმინალური ავტორიტეტი, რომელმაც ნაცნობობით დიაბეტური წამლები უშოვა.

კიდევ ერთი რუსი ოპოზიციონერი ბიზნესმენი სერგეი ბოკარევია, რომელიც ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული მოძრაობის დამფინანსებელია. ბოკარევი ამბობს, რომ რეჟიმის ღია კრიტიკის გამო რუსეთში დევნისა და შანტაჟის მსხვერპლი მისი ოჯახი არაერთხელ გახდა. მოსკოვში მისი მცირეწლოვანი შვილების გატაცების მცდელობა ორჯერ ჰქონდათ.

რუსეთიდან სერგეი ბოკარევისა და მისი ოჯახის წევრების ექსტრადირების მოთხოვნა გამოგზავნილია. მიგრაციის დეპარტამენტმა ოკუპანტი სახელმწიფოდან გამოქცეულ ბიზნესმენს თავშესაფარი არ მისცა.


close დახურვა