შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის მებრძოლთა კლუბი, თბილისში შეჯიბრის გამართვას გეგმავდა. შეჯიბრი მიმდინარე წლის 11 სექტემბერს იყო დაგეგმილი და ის სპორტის სასახლეში უნდა ჩატარებულიყო.
ტურნირის ქართველი მასპინძელი საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ფედერაციის პრეზიდენტი, გიორგი კაბულაშვილია. აღსანიშნავია, რომ კაბულაშვილთან ინტერვიუს პირველი ნაწილი მშვიდ გარემოში წარიმართა, თუმცა მას შემდეგ რაც შაბათის ფორმულას გადამღებმა ჯგუფმა რამზან კადიროვის სახელი ახსენა, მსოფლიო ჩემპიონმა, ოპერატორს - ფიზიკური დაზიანებით და მომავალში პრობლემების შექმნის მუქარით, გადაღებული მასალა წააშლევინა. ასევე, ფიზიკურად შეეხო ჟურნალისტს, რომელიც ცდილობდა საკუთარი მობილური ტელეფონით გადაეღო ის, კაბულაშვილის სპორტდარბაზში ხდებოდა.
რადგან თარიღი შერჩეულია, ცნობილია მებრძოლები, ვინც ჩეჩნური მთავრობის მიერ დაფინანსებულ შეჯიბრში უნდა იჩხუბონ. შაბათის ფორმულასთვის ცნობილი გახდა ისიც, რომ ტურნირი შეთანხმებულია კულტურისა და სპორტის სამინისტროსთანაც და დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან.
ამასთან, ქართული MMA-ს ფედერაციაში ჩემპიონატის ჩატარება დაადასტურეს, თუმცა მოგვიანებით კაბულაშვილმა თქვა, რომ ტურნირი ორგანიზაციის ACA-ს მიერ ტარდება.
"11 სექტემბერს კეთდება ჩემპიონატი, რომელიც არის ორგანიზაციის ACA , რომელიც არის უშუალოდ რუსეთის, რუსული წარმომადგენლობის, კონკრეტულად რუსი არის მაგ ფედერაციის პრეზიდენტი. კადიროვი, მე ესე ვთვლი და ესე მგონია , რომ არაფერ შუაში არ არიან, თუ რამე ისეთი არის რომ კადიროვისაა ეს ორგანიზაცია, აღარ ჩავატარებ ამ ჩემპიონატს", - თქვა მან.
Absolute Championship Akhmat - ჩემპიონატს სახელი კადიროვმა მამის პატივსაცემად შეურჩია, დაფინანსება პირდაპირ ჩეჩნეთის მთავრობიდან დაუწესა. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის დეკემბერში ამერიკის მთავრობამ კლუბს სანქციები დაუწესა.
საქართველოში ახლაც მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე , რომელიც ცნობილ ჟურნალისტს და კადიროვის გამოგზავნილ მკვლელს [ქილერს] უკავშირდება.
რეპორტაჟის ანონსის გასვლის შემდეგ გაირკვა,რომ შესაძლოა ჩემპიონატი თბილისში აღარ გაიმართოს.