logo
ENG



შაბათის ფორმულა: საავადმყოფოში პაციენტი აწამეს, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა

19 დეკ 202020:55
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, სავარაუდოდ, ხონში, ფსიქიატრიული კლინიკის ნარკოლოგიურ განყოფილებაში 37 წლის კაცი აწამეს. 

არსებული ინფორმაციით, ის რამდენიმე დღე დაბმული ყავდათ და მთელ სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. შაბათის ფორმულამ მოიპოვა ფოტოები და ექსპერტიზის დასკვნა, სადაც წერია: "პაციენტს დაზიანებული აქვს თავის ქალა, ჩამტვრეული აქვს ნეკნები, რამაც ფილტვიც დააზიანა". 

სასმლის მწვავე ინტოქსიკაციის გამო კობა ჩახუნაშვილი ოჯახმა კლინიკის ნარკოლოგიურ განყოფილებაში დააწვინა. კლინიკაში მოთავსებამდე, პაციენტს წინასწარ აუღეს კოვიდის ტესტი, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღეს. 2 დღეში ხონის ფსიქიატრიული კლინიკიდან ოჯახს უთხრეს, რომ პაციენტს კოვიდი ჰქონდა და მდგომარეობის დამძიმების გამო, ხონის რაიონულ საავადმყოფოში გადაჰყავდათ, საიდანაც საბოლოოდ კლინიკა ბომონდში მოხვდა. სწორედ კლინიკა ბომონდში ნახეს კაცის სხეულზე წამების კვალი და მიმართეს პოლიციას.   

კობა ჩახუნაშვილი რეანიმაციაში შეყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. შაბათის ფორმულას მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ მას სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები ჰქონდა, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა.


close დახურვა