logo
ENG



შაბათის ფორმულა: სასტუმროს აშენებისას გზა დაზიანდა, რის გამოც ბიუჯეტიდან 2 მილიონს დახარჯავენ

18 დეკ 202120:58
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ხელვაჩაურში 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ლიცი რეზორტის მშენებლობის დროს სოფელ სარფში გამავალი გზა დაზიანდა, რის გამოც სოფლის მოსახლეობას პრობლემები შეექმნა. 

კერძოდ, როგორც შაბათის ფორმულასთან საუბარში ადგილობრები ჰყვებიან, ყოველდღიურად 5 კილომეტრს ზოგჯერ ფეხითაც გადიან. მაღალი გამავლობის ავტომობილი ყველას არ ჰყავს, მსუბუქი მანქანებით კი ბოლო 3 წელია აქ სიარული უჭირთ.

კიდევ ერთი ადგილობრივი მკვიდრი რამაზ კლდიაშვილი ამბობს, რომ ძლიერი წვიმის დროს ნიაღვარი ეზოს უტბორავს. გადადის მის ბოსტანში, რაც ოჯახისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. კლდიაშვილები ამბობენ, რომ სასტუმროს ასაშენებლად მათ სახლთან რამდენიმე ასეულმა მძიმე ტექნიკამ გაიარა.

სასტუმრო ლიცი რეზორტიდან იშლება ხედი მთელ შავი ზღვის სანაპიროზე. ტერასულად გაშენებულ 14-სართულიანი ნაგებობის 6 სართული ფერდობის ზედა ნაწილზეა. სასტუმრო უცხოელებზეა გათვლილი, აქვს საკუთარი საოპერაციო ბლოკი და სარეაბილიტაციო ცენტრი, პლასტიკური ქირურგიისთვის. დამსვენებლებს სასტუმრომდე მისვლა სამანქანო გზის გარდა, ვერტმფრენითაც შეუძლიათ.

როგორც ირკვევა, სასტუმროს მშენებლობის დროს გაფუჭებული გზა სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ სასტუმროს მფლობელს ქართულ ოცნებაში მფარველობენ - მფარველობს თორნიკე რიჟვაძეც, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. სწორედ ამიტომ სასტუმროს მიერ გაფუჭებული გზის შეკეთება საკუთარ თავზე სახელმწიფომ აიღო და ამაში 2 მილიონს დახარჯავს.

თავად სასტუმროს მეპატრონე, ბიზნესმენი დიმიტრი ტვილდიანი არ უარყოფს, რომ სამშენებლო სამუშაოებმა გზა დააზიანა, თუმცა მისი მტკიცებით 13 წლის წინ დაგებული ბეტონის საფარი უხარისხო იყო.

2017 წლის სექტემბერში ადგილობრივი ოპოზიცია სასტუმრო ლიცის მშენებლობის უნებართვოდ დაწყებას აპროტესტებდა

სასტუმროს ასაშენებლად მფლობელმა სახელმწიფოსგან აუქციონზე 2016 წელს 2 600 კვადრატული მიწის ფართობი შეიძინა, შემდეგ კი წლების განმავლობაში ფართობი 9 000-მდე გაზარდა.

სასტუმრო სარფში სატესტო რეჟიმში უკვე მუშაობს და შეზღუდული რაოდენობის ტურისტებს იღებს. სატესტო რეჟიმში, ახალ წელს 3 დღის გატარება ლიცი რეზორტსში 1 500 დოლარი ღირს, სრული დატვირთვით მისი გახსნა 2022 წლის დეკემბერში იგეგმება. მანამდე კი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი სასტუმროს მშენებლობაზე დაზიანებული გზის გაკეთებას უკვე მეოთხე ტენდერით ცდილობს. როდის ექნებათ ადგილობრივებს გზა, ისევ უცნობია.


close დახურვა