logo
ENG



შაბათის ფორმულა: საქართველოს რკინიგზაში კორუფციული სქემა მოქმედებს, რომელსაც ოცნება იყენებს

10 ივლ 202120:52
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზაში კორუფციული სქემა მოქმედებს, რომელიც ქართული ოცნების "შავ ყულაბას" ავსებს. 

კერძოდ, სქემაში რკინიგზის ხელმძღვანელობასთან ერთად, ჩართულები არიან ქართული ოცნების ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები. ამ ყველაფერს კი ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირები ზედამხედველობენ.

სქემა შემდეგნაირად გამოიყურება: გადასაზიდი ტვირთის მფლობელი უკავშირდება რკინიგზას ან მის შვილობილ კომპანია შპს ჯიარ ლოგისტიკა და ტერმინალებს, სადაც ეუბნებიან, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ერთი ტონის გადატანა პირობითად 18 დოლარი ღირს. თუმცა, საქართველოს რკინიგზა თავის შვილობილ კომპანიას ტვირთის მოცულობის მომიზეზებით, გამონაკლისის სახით, ტვირთის გაცილებით იაფად, 5 დოლარად გადაზიდვის უფლებას აძლევს. შპს ჯიარ ლოგისტიკა და ტერმინალებში იწერენ კლიენტის, მისი ტვირთისა და ვადების შესახებ დეტალურ ინფორმაციას. შემდეგ ამ ინფორმაციას პრივატულად გადასცემენ მათ ფავორიტ კომპანიას. 

ერთ-ერთი ასეთი კომპანია 2017 წელს დაფუძნებული შპს ექსიმ ოილია, რომლის დირექტორი და მეწილე ირაკლი სამყურაშვილი სწორედ მაშინ მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსად, როდესაც მინისტრის თანამდებობას ირაკლი ღარიბაშვილი იკავებდა.

შპს ექსიმ ოილი ტვირთის 5 დოლარად გადაზიდვის უფლებას პირობითად, ტონაზე 7 დოლარად გამოისყიდის შპს ჯიარ ლოგისტიკა და ტერმინალებისგან, კლიენტს კი ტვირთის გადაზიდვას ოფიციალურად დადგენილ ტარიფზე უფრო იაფად, დავუშვათ ტონაზე 18 დოლარის ნაცვლად, 17 დოლარად შესთავაზებს. ამ სქემით, მხოლოდ შუამავლობაში, ექსიმ ოილი ტონაზე 10 დოლარს გამოიმუშავებს.

შპს ექსიმ ოილის კიდევ ერთი მეწილე შპს იმპექსია, რომლის მფლობელიც აკაკი ჩხენკელია. 2013 წელს ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად დანიშვნის შემდეგ, ის მთავრობის კანცელარიის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა. 

სქემის მიხედვით, რკინიგზასა და ტვირთების გადამზიდავს შორის აჩენენ კიდევ შუა რგოლს, რომელიც უფრო იაფად ემსახურება და შემდეგ ამ ოპერაციაში რკინიგზა კარგავს იმ თანხას, რომელიც ჯერ რკინიგზაში, მერე კი ბიუჯეტში უნდა შევიდეს.

რკინიგზაში შაბათის ფორმულასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. გასული წლის განმავლობაში რკინიგზით 5 მილიონი ტონა სატრანზიტო ტვირთი გადაიზიდა. უცნობია, აქედან რამდენია შპს ექსიმ ოილის წილი. ან არის თუ არა, მისი მსგავსი ე.წ. ფავორიტი კომპანიები. კორუფცია, არაკომპეტენტური მენეჯმენტი და სახელმწიფო პოლიტიკა კი განაპირობებს იმას, რომ ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული კომპანია ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, წამგებიან იქცა.

ბოლო 10 წლის განმავლობაში, ტვირთების რაოდენობა, რომელიც რკინიგზამ ტრანზიტით გადაზიდა 58%-ით შემცირდა. მხოლოდ 2020 წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზამ 164 მილიონი ლარი იზარალა.


close დახურვა