შაბათის ფორმულამ მოიპოვა დოკუმენტები, რომელიც საქართველოს ხელისუფლების სანქცირებულ რუსულ კომპანიებთან თანამშრომლობას ადასტურებს.
ამ დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ პუტინის რეჟიმი, საქართველოს ბიუჯეტიდან ფინანსდება. საუბარია, შპს საქართველოს მელიორაციის ხელშეკრულებებზე, რომელიც გაზპრომ ნეფტთან და სხვა სანქცირებულ რუსულ კომპანიებთან გაფორმდა. 2022 წლის მხოლოდ 10 თვეში, სახელმწიფო უწყებამ კრემლის რეჟიმის ანგარიშზე ჩვენი ბიუჯეტიდან, მილიონზე მეტი გადარიცხა.
საწვავი, ნავთობპროდუქტები, დანადგარები მექანიკური ენერგიის წარმოებისთვის, ამწე, ტუმბოები, მილები - ეს იმ პროდუქციის ჩამონათვალია, რომელიც საქართველოს მელიორაციამ, სანქცირებული კომპანიებისგან შეიძინა და რომელშიც მილიონ 206 000 ლარი გადაიხადა. გაზპრომნეფტის გარდა, შპს მელიორაციის ხელშეკრულება გაფორმებულია კომპანია ტაგმეტთანაც, რომელიც ტეემკა-ს შვილობილი კომპანიაა, მისი გენერალური დირექტორი კი, უკრაინაში დასანქცირებული იგორ კორიტკოა. რუსი ბიზნესმენი სანქცირებულთა სიაში, პუტინის ომის მხარდაჭერის, დაფინანსების და ანტიუკრაინული განცხადებების გამო მოხვდა.