logo
ENG



შაბათის ფორმულა: სპეცოპერაცია ყოფილი ძალოვანების წინააღმდეგ და მობილიზაცია მე-2 ტურისთვის

23 ოქტ 202120:20
3 წუთის საკითხავი
 

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანს მოსამართლემ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდება საკმაოდ მძიმეა. გიორგი დათიაშვილს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ის ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა. ყოფილი ძალოვანის განცხადებით, ქართული ოცნების რეპრესიული მანქანის მსხვერპლი მხოლოდ იმის გამო გახდა, რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია.

გიორგი დათიაშვილის სახლიდან ჩხრეკის შემდეგ ამოიღეს ფეთქებადი ნივთიერება - 2 ცალი ქარხნული წესით დამზადებული 200-გრამიანი ტროტილის კოჭები; ორი ცალი საბრძოლო მასალა რგდ 5-ის ტიპის ხელის მსხვრევადი ყუმბარა; ამფეთქი ფალიები და 2 ცალი დეტონატორი ; ასევე 332, სხვადასხვა კატეგორიის იარაღისთვის განკუთვნილი ტყვია.

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, გიორგი დათიაშვილის ქართული ოცნების მხრიდან რეპრესიებს დიდი ხანია გრძნობს. არაერთი ზეწოლის შემდეგ ის იძულებული გახდა უკრაინაშიც წასულიყო. ყოფილი მაღალჩინოსნის ძმა ამბობს, რომ გიორგი დათიაშვილი მხოლოდ სამშობლოს სიყვარულის გამო დააკავეს.  

ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს გიორგი დათიაშვილის მეგობარსაც. ხობის პოლიციის ყოფილ უფროსს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან. სამეგრელოში სპეცოპერაციისთვის საგანგებოდ ჩავიდნენ და ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მამუკა ჭელიძე. ჩხრეკა ჩატარდა პოლიციის მაიორის, რუსლან შამახიას სახლშიც. წაღებულია მისი კუთვნილი იარაღი, რომლის ტარების უფლებაც მას უკვე წლებია აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკავებების სერიას სტანდარტული საპოლიციო ღონისძიებებით ხსნიან, თუმცა სამეგრელოში, ყოფილი მაღალჩინოსნები ყვებიან, რომ ქართულ ოცნებას დამარცხების ეშინია და რეპრესიებს სწორედ ამიტომ მიმართავს.

ფორმულას ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურში ქართულ ოცნებას ყოფილი და მოქმედი ძალოვნების სრული მობილიზაცია აქვს გამოცხადებული. წყაროს ცნობით, დაკავებების გარდა მმართველი პარტია ოპონენტების დაშინებას ყოფილი მაღალჩინოსნებით ცდილობს, ერთ-ერთი ასეთი გიორგი სალიაა, სუს-ის ყოფილი თანამშრომელი.

არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე საარჩევნო რუკაზე სამეგრელო ცხელ წერტილადაა მონიშნული. ამ რეგიონში ქართულ ოცნებას ყველა არჩევნებზე უჭირს, განსაკუთრებით ეს 2 ოქტომბრის არჩევნებზე გამოჩნდა, სადაც ანზორ მელიამ შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა. სწორედ ამიტომ ოპოზიციაში ეჭვობენ, რომ ყოფილი მაღალჩინოსნის, ლექსო რაფავას დაკავებაც შეშინებული ხელისუფლების დაკვეთით მოხდა და ქართულმა ოცნებამ ძალის დემონსტრირებით ოპონენტების დაშინება დაიწყო. მმართველ პარტიას რომ სამეგრელოში საქმე კარგად არ აქვს ამას ძალოვნების უპრეცენდენტო გადაწყვეტილებებიც მოწმობს. შსს-ს რამდენიმე თანამშრომელმა თანამდებობა დატოვა. 


close დახურვა