logo
ENG



შაბათის ფორმულა: უცხო ქვეყნის მოქალაქეების ბინებს მესამე პირებზე თაღლითური სქემით ყიდიან

19 თებ 202220:30
3 წუთის საკითხავი
 

უცხო ქვეყნის მოქალაქეების ბინებს მესამე პირებზე თაღლითური სქემით ყიდიან. 

ჯერჯერობით, უცნობია, ვინ სჩადის ამას, თუმცა, დაზარალებულთა რიცხვი 50-ს აჭარბებს.  

კერძოდ: 

ირანის 2 მოქალაქის ბინები ისე გაიყიდა, რომ ამის შესახებ მათ არაფერი იცოდნენ.

ერთ-ერთი დაზარალებული სეიდმაჯიდ ბეჰეშტია. მან უძრავი ქონება თბილისში 2018 წელს შეიძინა, თურქეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ კი საქართველოში საბუთების მოსაწესრიგებლად ჩამოვიდა. 

ის შაბათის ფორმულასთან ამბობს: 

"გაოცებული ვიყავი და ვერ ვიჯერებდი, რომ თბილისში ჩემი ბინა გაყალბებული მინდობილობის გამოყენებით გაყიდული იყო სრულიად უცნობი ადამიანის მიერ. 

თბილისში გასული წლის ნოემბერში ჩამოვედი, რომ შემეცვალა ჩემი პასპორტის მონაცემები საჯარო რეესტრში რადგან თურქეთის მოქალაქე გავხდი. გაყალბებული მინდობილობით გასხვისებულ ბინაზე მეტად იმან გამაოგნა, რომ ეს ყალბი დოკუმენტი, რომელშიც ჩემი სახელი, გვარი და ხელმოწერა არასწორი იყო, საჯარო რეესტრმა მიიღო.

ახლა ვღელავ საქართველოში ჩემს ინვესტიციებსა და ბიზნესზე. იმედია, სახელმწიფო მიიღებს სათანადოდ ზომებს". - ამბობს ბეჰეშტი.

მინდობილობის გარდა, გაყალბებული იყო  სეიდმაჯიდ ბეჰეშტის პასპორტიც. 

"გააყალბეს ირანის მოქალაქის პასპორტი და მინდობილობა, ჩამოიტანეს საქართველოში და თარგმნეს ნოტარიული წესით. ამ ნათარგმნ დოკუმენტში, ასევე, დედან დოკუმენტში მითითებულია, რომ პასპორტს ვადა გაუვიდა 2021 წლის თებერვალში, რეესტრში კი ოქტომბერში წარადგინეს, ანუ უკვე 6 თვის ვადაგასული იყო". - ამბობს იურისტი გურამ ლექვინაძე

თაღლითობის კიდევ ერთი მსხვერპლი მანუჩეჰრ მაქარია. იმის შესახებ, რომ მისი ბინა გაყიდულია, მაშინ შეიტყო, როცა თბილისში ჩამოვიდა და სახლში მივიდა. 

"როცა ჩემს ბინაში მივედი, რემონტი მიდიოდა. შოკირებული ვიყავი, ძალიან გამიკვირდა. შემდეგ მეგობრის დახმარებით გავარკვიე, რომ ჩემი ბინა გაყალბებული დოკუმენტებით გაიყიდა. ამ საქმეში გარეულს არავის ვიცნობ. მეგონა, რომ საქართველოში ასეთი რამ შეუძლებელი იყო. ვფიქრობ, სახელმწიფო ამ საკითხს ყურადღებით უნდა მოეკიდოს და დაგვეხმაროს ჩვენი ქონების დაბრუნებაში". - ამბობს მაქარი ფორმულასთან

ახლა დაზარალებულები სასამართლოში ჩივიან. ორივე მათგანს იურიდიული კომპანია GSCC-ი იცავს. მისი წარმომადგენლების თქმით, საქართველოში მსგავსი სქემებით უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი ქონების მისაკუთრება გავრცელებული პრობლემაა, რასაც სამართალდამცავ უწყებებში შესული ათეულობით განცხადებაც ადასტურებს.

"ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, დაზარალებულთა რიცხვ 50-ს აჭარბებს. როცა პოლიციას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მივმართეთ, იქ გაირკვა, რომ კიდევ ათეულობით ასეთი დაზარალებულია. გამომძიებელს გაუჭირდა იმის იდენტიფიცირება, ჩვენ რომელ საქმეზე ვიყავით. ავუხსენით, რომ ახალი საქმეა და ჯერ განცხადებაც არ გვაქვს შემოტანილი". - ამბობს ადვოკატი ლექვინაძე. 

იურისტების განმარტებით, საჯარო რეესტრი არ ამოწმებდა საზღვარგარეთ დამზადებული მინდობილობის ნამდვილობას და ამის გაკეთება სხვადასხვა საკონსულოების დახმარებით მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც პრობლემის მასშტაბები ცხადი გახდა.

ირანის მოქალაქეები ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. მათ სასამართლოსაც მიმართეს.

იმ შემთხვევაში თუ გაირკვა, რომ იმ პირებმა, რომლებმაც ბინები შეიძინეს, თაღლითური სქემის შესახებ არაფერი იცოდნენ, საცხოვრებელი ფართები მათ მფლობელობაში დარჩება, უცხო ქვეყნის დაზარალებული მოქალაქეებისთვის კი უძრავ ქონებაში გადახდილი თანხის ანაზღაურება სახელმწიფოს დაეკისრება.

"საბოლოოდ ამაზე პასუხისგება უწევს რეესტრს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბოლოს ბიუჯეტი აგებს პასუხს, რაც ძალიან მძიმე ტვირთად აწვება ჩვენს ქვეყანას. თითოეული ბინის ღირებულება აღემატება 100 ათას დოლარს". - ამბობს იურისტი გიგი სისვაძე

იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი სქემით ათეულობით სადავო ბინაზეა საუბარი, სახელმწიფო ბიუჯეტზე მიყენებული ზარალი მილიონებს გადააჭარბებს. შაბათის ფორმულა დაუკავშირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. თუმცა, უწყებაში შექმნილ მდგომარეობაზე კომენტარის გაკეთება საჭიროდ არ ჩათვალეს.


close დახურვა