შაბათის ფომრულას ინფორმაციით, მთიულეთში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში კულტურული მნიშვნელობის უძველესი ძეგლები იძარცვება.
შაბათის ფორმულას გადამღებმა ჯგუფმა, რომელმაც ექსპედიცია მოაწყო, გადაიღო ეკლესიების ამოთხრილი საკურთხევლები და გადაბრუნებული უძველესი საფლავები.
თავდაპირველად პრობლემა ორგანიზაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კვლევის ცენტრმა აღმოაჩინა. ახალგაზრდა არქეოლოგები დადიან მთელს საქართველოში და ნაკლებად ცნობილ ძეგლებს აღრიცხავენ. ბოლო 2 წელიწადში უძველესი ისტორიისა და კულტურის მქონე ძეგლების დიდ ნაწილზე ნახეს მძარცველთა არაერთი კვალი.
ვასილ ჭიჭაღუა კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კვლევის ცენტრის ხელმძღვანელია. მზეწვერის წმინდა გიორგის ტაძარში მისი ორგანიზაციის პირველი ექსპედიცია 2018 წელს შედგა, 2020 წელს დაბრუნებულებს ტაძარი გაძარცვული დახვდათ. შავი არქეოლოგიის კვალი არის საკურთხეველთანაც.
მზეწვერის ეკლესია ერთ-ერთია იმ ისტორიულ ძეგლებს შორის, რომელიც ბოლო პერიოდში გაიძარცვა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და კვლევის ცენტრში ამბობენ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში შავი არქეოლოგიის შემთხვევების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა.
ექსპედიციამ სამარხების მძარცველების კვალდაკვალ შაბათის ფორმულა ქვემო ქართლში გაგის ციხეზე მიიყვანა. შავი არქეოლოგიის შემთხვევები აქ მას შემდეგ შეწყდა რაც ისტორიულ ძეგლზე აღიმართა ჯვარი და დამონტაჟდა სათვალთვალო კამერები. თუმცა, მანამდე ციხესიმაგრეზე, რომელიც შუა საუკუნეებიდან სავაჭრო მაგისტრალზე მდებარეობდა, თხრილების სახით, ძარცვის არაერთი კვალი იყო აღმოჩენილი.