logo
ENG



შაბათის ფორმულა: შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთა ნაწილი, შესაძლოა, საპროცესოთი გამოუშვან

19 სექ 202020:28
3 წუთის საკითხავი
clock 656

"შაბათის ფორმულას" ინფორმაციით,  გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების ნაწილმა შესაძლოა ციხე მალე დატოვოს. "შაბათის ფორმულას" არაერთი წყარო  უდასტურებს, რომ პროკურატურასა და ბრალდებულებს შორის საპროცესო შეთანხმებაზე კომუნიკაცია ინტენსიურად მიმდინარეობს.

საქმე ეხება სამ ბრალდებულს ე.წ საბურთალოს დაჯგუფებიდან, რომლებიც ე.წ "აგარაკის ეპიზოდის" მონაწილეები არიან. დღეის მდგომარეობოთ, გამოძიება მათ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ედავება.

"შაბათის ფორმულას" ინფორმაციით, პროკურატურა საბა გოგშელიძეს, ირაკლი წაქაძესა და საბა ჩხარტიშვილს საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, აღიარებითი ჩვენების სანაცვლოდ სთავაზობს.

ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმების შესაძლო გაფორმებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს შაქარაშვილის საქმის პროკურორი ნანა გუგუტიშვილი.

"ვერც დავადასტურებ, ვერც უარვყოფ აღნიშნულ ფაქტს. არ არიან ისინი აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულები. ფიზიკურად არ მაქვს ინფორმაცია.  როგორც ჩემთვის ცნობილია, საპროცესო შეთანხმება არავისთან გაფორმებულა",-აცხადებს ნანა გუგუტიშვილი.

ერთ-ერთი ბრალდებულის, საბა ჩხარტიშვილის ადვოკატი "შაბათის ფორმულასთან"ამბობს, რომ შეთავაზების არსებობის შემთხვევაში, საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე გადაწყვეტილებას თავად ბრალდებულთან კონსულტაციების გავლის შემდეგ მიიღებს. 

"თუ შემოგვთავაზებენ, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დავფიქრდებით. გავივლი საბა ჩხარტიშვილთან კონსულტაციებს და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ამ სამ პირთან დაკავშირებით ბრალი შედარებით მსუბუქია იმიტომ, რომ ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას ედავებიან",- აცხადებს დავით ჭიკაიძე.

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა. 

11 აგვისტოს პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმა. შეგახსენებთ, 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 23 ივნისს მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს. 

 


close დახურვა