შაბათის ფორმულას ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები დაიწყო. პირველი ცვლილება უკვე განხორციელდა, დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის გამოძიების საქმის მთავარი ფიგურა შალვა ბედოიძე, რომელიც აქამდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, გომელაურმა თავის მოადგილედ დააწინაურა.
შაბათის ფორმულას კონფიდენციალური წყარო შინაგან საქმეთა სამინისტროდან უყვება, რომ ეს არ არის ერთადერთი ცვლილება, რომელიც უწყებაში განხორციელლდა. ახლა ვაკანტურია თბილისის პოლიციის უფროსის პოზიცია, რომელზეც მინისტრს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, თუმცა განიხილება ორი კანდიდატურა. მათ შორის ერთ-ერთია ნიკოლოზ სამარღანიშვილი, მეტსახელად ტყუპი. გომელაური თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე განიხილავს პოლიციელს, რომელსაც იური ვაზაგაშვილი შვილის მკვლელობაში ადანაშაულებდა. ნიკოლოზ სამარღანიშვილი ერთ-ერთია იმ პოლიციელებს შორის, ვისზეც ვაზაგაშვილი ღიად საუბრობდა.
კიდევ ერთი კანდიდატურა თბილისის პოლიციის უფროსის პოზიციაზე - გახარიას შს მინისტრობის დროს ჩამოქვეითებული გიორგი ალადაშვილია. მას ამ პოსტზე მუშაობის გამოცდილება გიორგი მღებრიშვილის მინისტრობის პერიოდში აქვს მიღებული.
კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე განხორციელდა იმ სამართალდამცველს უკავშირდება, ვისი გვარიც პირველად თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში გაჟღერდა.
ნიკოლოზ იგივე ლადო ბაჭულაშვილმა უკვე დატოვა ქვემო ქართლის პოლიცია, სადაც ის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებდა. შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ლადო ბაჭულაშვილს, რომელიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა 23 წლის პროგრამისტის საქმის გამოძიებაში, ადგილი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტზე მოუძებნეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გადანაცვლებები და საკადრო ცვლილებები, სავარაუდოდ, კიდევ გაგრძელდება.