logo
ENG



შაბათის ფორმულამ გაარკვია, რას შეეწირა 2015 წელს ღარიბაშვილის პრემიერობა

24 სექ 202220:30
3 წუთის საკითხავი
clock 1815

შაბათის ფორმულამ გაარკვია, რას შეეწირა პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობა და კარიერა 2015 წელს, როდესაც ის პოსტიდან გადადგა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი გიორგი ირემაშვილი, რომელმაც უწყებაში 20 წელი იმუშავა პირველად მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც ქვეყანა ცოლ-შვილთან ერთად უსაფრთხოების მიზნით დატოვა.

გიორგი ირემაშვილმა 2021 წლის 5 ივლისის შემდეგ, საკუთარ პროფესიაზე უარი თქვა და ძალოვანი უწყებიდან წავიდა. სკანდალურ მხილებას პოლიციის ვიცეპოლკოვნიკი იმ სისხლიანი გარჩევების საჯაროდ მოყოლით იწყებს, რომელიც ღარიბაშვილის გარემოცვას უკავშირდება.

საქმე ეხება 2013 წელს, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილმა, გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობა, ცოლის ბიძაშვილს, ზვიად ჯანყარაშვილს ჩააბარა. ამავე წლის 12 ნოემბერს, ზვიად ჯანყარაშვილმა თეგეტა მოტორსის თანამშრომელი ტაბელური იარაღიდან დაჭრა. შეტყობინება სროლის და დაჭრის შესახებ მაშინ ვაკის პოლიციის პირველ განყოფილებაში შევიდა, რომელსაც გიორგი ირემაშვილი ხელმძღვანელობდა. ირემაშვილი შაბათის ფორმულასთან საუბარში ჰყვება როგორ გაქრა ხმაურიანი საქმიდან სისხლიანი გარჩევის ყველა მტკიცებულება და მონაწილეების გვარები.    

დაპირისპირება აბაშიძის ქუჩაზე ფაბ ირლანდერში მოხდა. ირემაშვილი იხსენებს, რომ პოლიციას ადგილი მაშინვე მიუჩინეს.

"ადგილზე მისვლისას პირველი გენერალური ინსპექცია მივიდა. ყველანაირი ზედმეტი ლაპარაკის გარეშე გამოგვწიეს. გამომძიებელმა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაც ვერ მოასწრო. ჩადგნენ თვითონ კარებში და ყველაფერი დანარჩენი, პერსონალთანაც და საავადმყოფოშიც თვითონ მოაგვარეს. სხვა გაგრძელება ამას არ ჰქონია. დაჭრის მიზეზი იყო შელაპარაკება. გვერდიგვერდ ისხდნენ და მიზეზი ბანალური იყო - შელაპარაკება. მაშინდელი გენინსპექცია სრულად მანდ იყო, ადგილზე", - ამბობს ირემაშვილი.

მისივე თქმით, მთელი გამოძიება გენინსპექციის თანამშრომლებმა ჯანყარაშვილის მეთვალყურეობის ქვეშ აწარმოვეს.

"რომ გამოვედით გვერდზე, ჯანყარაშვილი იქვე იჯდა მანქანაში, ფანჯარა ჰქონდა ჩაწეული და აკვირდებოდა მოვლენებს. ჰილზების აღებაც ვერ მოვასწარით შემთხვევის ადგილიდან. დანარჩენი ყველაფერი იქვე მოასუფთავეს", - თქვა პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა.

ირემაშვილი აცხადებს, რომ სროლას და შემდგომ საქმის მიჩქმალვას 20-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ღარიბაშვილის ნათესავებმა მისი მაშინდელი კარიერა დაღუპეს. კიდევ ერთი ფაქტი, რომელშიც ჯანყარაშვილის სახელი ფიგურირებდა და საქმე ჩაიფარცხა, მის დისშვილს ეხება. კერძოდ, ჯანყარაშვილის დისშვილმა ირანელ ქალს, იარაღის მუქარით ფულით სავსე ჩანთა გამოსტაცა. "მაშინვე თქვა, რომ ჯანყარაშვილის დისშვილი ვარო. ამის შემდეგ არანაირი გაგრძელება არ ყოფილა, საგამოძიებო მოქმედება არ ყოფილა. ხელმძღვანელობასთან მოხდა დაკავშირება".

ახალგაზრდა კაცს 7 წლით დაკავება ემუქრებოდა, თუმცა ის საზღვარგარეთ სასწავლებად გაუშვეს.

გარდა ამისა, შაბათის ფორმულას პოლიციის მაღალჩინოსანი დეტალურად უყვება, რომ უკანონო მოსმენების დეპარტამენტი აქვს ყველა უწყებას. ივანიშვილის მთავრობას სრულ კონტროლზე ჰყავს აყვანილი ყველა დიპლომატიური სამსახური. მხოლოდ ამერიკის საელჩოში, ყოველდღიურად სუსი 80 ნომერს უსმენს, ამერიკის ელჩის ჩათვლით. 

სისტემა ასე მუშაობს: ე.წ. ოტოს თანამშრომელი იღებს მითითებას, რომ თქვენი ტელეფონი მოსმენაზე უნდა აიყვანოს. შემდეგ ისმინება ყველა შემავალი თუ გამავალი ზარი, მაშინაც კი როცა ოჯახის წევრებს ესაუბრებით. ოტო კითხულობს ასევე ყველა შეტყობინებას [მესიჯს].

"თუ ვინმეს ამ ქვეყანაში ჰგონია რომ ამ ქვეყანაში არ უსმენენ ან ჰგონიათ რომ მე რაში ვჭირდები, და მე არ მომისმენენ, ძალიან ცდება". - ამბობს ირემაშვილი.

მისივე განმარტებით, ყველა უწყებას საკუთარი ე.წ. ოტო ჰყავს. შსს პოლიტიკოსებს მინუს სართულიდან უსმენს, ხოლო ჟურნალისტებს ძირითადად მოდულის შენობიდან უსმენენ, კერძოდ კი, სუს-ის უკან მდებარე ახალი შენობიდან.


close დახურვა