logo
ENG



შაბათის ფორმულამ გლდანიდან 500 ტონა ლითონის მოპარვის საქმის დეტალები გაარკვია

18 თებ 202320:18
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას წყაროს ინფორმაციით, გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩის რეაბილიტაციისას, 500 ტონა მეტალის ქურდობის საქმეში შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის პირველი მოადგილე, შალვა ბედოიძე მონაწილეობდა.

წყარო ამბობს, რომ ქურდობის საქმეს კიდევ ერთი გავლენიანი მფარველი ჰყავს - ეს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძეა.

ვრცელი წერილი შაბათის ფორმულას ანონიმურმა წყარომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მისწერა. მოქმედი ძალოვანი 1-გვერდიან წერილში დეტალურად ყვება გლდანის რეაბილიტაციის დროს მოპარული 500 ტონა ლითონის მილების ქურდობის საქმეს და იმ პირების ვინაობას ასახელებს, რომლებმაც ძარცვა მიზანმიმართულად ჩაფარცხეს.

ძმები გენგაშვილებიდან - ორი, შინაგან საქმეთა სამინისტროში, სხვადასხვა დროს მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ, ხოლო მათი მამა წლების განმავლობაში იყო პროკურორი, ქართული ოცნების წევრი და საკრებულოს თავმჯდომარე გარდაბნის მუნიციპალიტეტში. წყაროს თქმით, სწორედ გენგაშვილების ოჯახი აკონტროლებდა ჯართის შავ ბიზნესს და სახელმწიფო ქონების, კერძოდ კი მიწიდან ძველი მილების ამოღებას კურირებდა. მათ სახელს უკავშირებს წყარო - სართიჭალიდან, პატარძეულიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან წლების განმავლობაში ტონობით ლითონის დაუფლებას.

შაბათის ფორმულას წყარო ყვება, რომ მტკიცებულებები, კერძოდ კი ვიდეო ჩანაწერები - გომელაურის პირველი მოადგილის, შალვა ბედოიძის დავალებით წაიშალა.

"გენგაშვილები სულ 4 ძმა არიან, მაგათი მამა - ვაჟა გენგაშვილია, ყოფილი პროკურორი და გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარე იყო ცოტა ხნის წინ. ყველამ იცის სართიჭალაში და მიმდებარე სოფლებში რომ ეგენი კურირებენ ჯართის ამბავს, თუმცა მთავარი ვინც მაგ საქმეს კურირებს გურამ გენგაშვილია, მაგის ბავშვის ნათლია გომელაურის მოადგილე, შალვა ბედოიძეა, სანამ ბედოიძეს გავლენები არ ჰქონდა, ჭიკაიძე იყო მაგათი კრიშა. ეგ ერთ-ერთი ძმის მეჯვარეა", - წერს წყარო შაბათის ფორმულასთვის მიწოდებულ წერილში.

წყარო ამბობს, რომ თუ ჯართის უკანონოდ დაუფლების საქმეზე, მათ მანქანას ან დაქირავებულ მუშა ხელს, რიგითი პოლიციელი შეამჩნევდა და გამოძიებას იწყებდნენ, ზვარაკად სწირავდნენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც წინასწარი შეთანხმებით რამდენიმე თვე ციხეში მიდიოდნენ და შემდეგ საპროცესო გარიგებით, მალევე გამოჰყავდათ. გურამ გენგაშვილმა სავარაუდოდ მის საგარეჯოელ მეგობარ ზურაბ კოვალენკოს სთხოვა გლდანიდან 500 ტონა რკინის მოპარვა საკუთარ თავზე აეღო, თუმცა კოვალენკოსგან უარი მიიღო. კოვალენკო 2021 წლის ივლისში პატარძეულში ჩაცხრილეს. მას 11 ტყვია ესროლეს. საქმეზე დაკავებული არავინაა. მოკლულის ოჯახი ხელს პირდაპირ გურამ გენგაშვილს ადებს.

თბილისის მერი რამდენიმე წლის წინ ირწმუნებოდა, რომ გლდანიდან ლითონის ქურდობის საქმე პროკურატურაში გადაიგზავნა, თუმცა ამ დრომდე გამოძიებას დაკავებული არავინ ჰყავს.

"მაგათ ბიზნესზე ყველამ იცის, ტიპები ბოლოს იმდენად გათამამდნენ, რომ ღამე კი არა, დღის საათებშიც ჩვეულებრივად თხრიდნენ მიწას და მილები გაჰქონდათ. მაგრამ იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა გათხრისას ბრიგადას პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი დაადგა, ამიტომაც გურამმა წინასწარ შეითანხმა მაგისი ძმაკაცები და ახლობლები, ზოგი სართიჭალელი, ზოგი მარტყოფელი და ისინი ჩაასმევინა ციხეში. მერე კიდე იმდენი გააკეთა, რომ მალევე ეს ხალხი საპროცესოთი გამოიყვანა", - ამბობს შაბათის ფორმულას წყარო.

გენგაშვილები შაბათის ფორმულას ზარებს არ პასუხობენ.


close დახურვა