შაბათის ფორმულამ ე.წ. სასამართლო კლანის ერთ-ერთი წევრის, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლის გიორგი მიქაუტაძის ქონება შეისწავლა.
შაბათის ფორმულა ხმაურიან საქმეებში მონაწილე და სასამართლო კლანთან მჭიდრო კავშირში მყოფი მოსამართლის შემოსავლებითა და ქონებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მისი კოლეგა და მეგობარი მოსამართლეები დაასანქცირა. მიქაუტაძე ფლობს ძვირადღირებულ აგარაკს დაბა წავკისში.
მშენებარე სახლი, რომელიც წლის ბოლოს უნდა დასრულდეს აღჭურვილია აუზით, ეზოში ჯაკუზით, სახურავზე ავტოფარეხით და დედაქალაქზე ხედით - მიქაუტაძის დეკლარაციის მიხედვით, ამ ეტაპზე აგარაკი 405 000 ლარი დაჯდა. მთავარი კითხვები, რაც მიქაუტაძის ქონების გარშემო არსებობს, დედის მიერ ნაჩუქარი 100 000 დოლარი, მისი მიწის ნაკვეთების და ავტომობილების შესაძენი თანხები და მათი წარმომავლობაა.
გარდა ნაჩუქარი 100 000 დოლარისა, მოსამართლე თბილისის ცენტრში ფლობს ბინას და 2 ავტოფარეხს, ასევე მიწებს ამბროლაურის რაიონში, ჯერ დაუსრულებელ სახლს წავკისში, ორ ავტომობილსა და 1 კვადროციკლს. რამდენიმე წლის წინ ფლობდა ორ ბინას თბილისში, რომელიც გაყიდა. თავად მიქაუთაძე შაბათის ფორმულასთან საუბარში ამბობს, რომ ბინები წლების წინ იყიდა და აქვს საბანკო კრედიტები.
რაც შეეხება ნაჩუქარ 100 000 დოლარს, მიქაუტაძე ამ თანხას წავკისის სახლის მშენებლობისთვის იყენებს, თუმცა ხარჯი გაცილებით მეტია ვიდრე მიღებული საჩუქარი. დოკუმენტების მიხედვით დარეჯან თავართქილაძე [მიქაუტაძის დედა] ფლობს 17%-ს სააქციო საზოგადოება ბახტრიონში, ასევე არაერთ უძრავ ქონებას თბილისში. მოძიებული დოკუმენტაციის თანახმად, დარეჯან თავართქილაძის შემოსავალი 2019 წლიდან თვეში 22 000 ლარია.
მიუხედავად იმისა რომ გიორგი მიქაუტაძის ოჯახი სააქციო საზოგადოებაში წილებს 2006 წლიდან ფლობს, მისი ქონება მხოლოდ მისი მოსამართლედ დანიშვნის პერიოდიდან იწყებს მატებას - 2012 წლის შემდეგ მიქაუტაძის ქონება და ხელფასი, მის პროფესიულ დაწინაურებასთან ერთად იზრდება.
8 აპრილს შაბათის ფორმულამ იმ მოსამართლეების ქონების შესახებ მოამზადა რეპორტაჟი, რომლებსაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციის გამო სანქციები დაუწესა. დადგინდა, რომ ე.წ. სასამართლო კლანის წევრების დიდძალი ქონება მათ ოფიციალურ შემოსავალს საგრძნობლად აღემატება. ბინები თბილისის ცენტრალურ უბნებში, აგარაკები დედაქალაქის შემოგარენში, საფეხბურთო და საკალათბურთო მოდნებით, ჩოგბურთის კორტებით, აუზებით, ამერიკული ტექნიკის მაღაზია აიტექნიქსი, ჩინური ქსიაომი, რესტორნებისა და სასტუმროების ქსელი - წილკნის ველებზე - ეს ე.წ. კლანის წევრების ქონების არასრული ჩამონათვალია.