logo
ENG



შაბათის ფორმულამ თბილისში ე.წ. ქოლცენტრების ოფისებს მიაკვლია

22 აპრ 202320:31
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულამ თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ე.წ. ქოლცენტრების ოფისებს მიაკვლია.

ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ცნობილი გახდა რომ შაბათის ფორმულამ ფარულად მოქმედ ოფისებს მიაგნო, პოლიცია ქოლცენტრებში შევიდა. პოლიციელები რამდენიმე ოფისში მივიდნენ, ინვენტარი აღწერეს, დალუქეს და გამოძიება დაიწყო.

ერთ-ერთი შენობა, რომელიც შაბათის ფორმულამ გადაიღო არის საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში, ასათიანის ქუჩაზე. დედაქალაქის ცენტრში მდებარე, ძვირადღირებულ ცათამბჯენში ე.წ. ქოლცენტრის არსებობის შესახებ შაბათის ფორმულას ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გაუმხილეს. შაბათის ფორმულამ გაარკვია, რომ ყველაზე ძვირადღირებულ ტერასულ საოფისე ფართს, მათთვის უცნობი კომპანია ერთი წლის განმავლობაში ქირაობდა. დასაქმებული იყო ათობით ადამიანი. მეზობლების არა ერთი საჩივრის შედეგ, ოფისი დაიცალა. მეზობლების თქმით, პოლიცია ამ ოფისის საქმიანობით მხოლოდ მათი წასვლის შედეგ დაინტერესდა. მცხოვრებლების მტკიცებით, ეს თაღლითების ერთადერთი ჯგუფი არაა, რომელიც თბილისი გარდენსში ფართს ქირაობს.

პირი, რომელიც შაბათის ფორმულას წყაროა, უსაფრთხოების მიზნით კონფიდენციალურობის დაცვას ითხოვს. მას მიაჩნია, რომ ე.წ. ქოლცენტრების გავლენიან მფარველებთან დაპირება საფრთხეს წარმოადგენს. 5-მდე სატელეფონო კომპანიის არსებობის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შაბათის ფორმულამ თბილისი გარდენსის ადმინისტრაციასთან სცადა.

ვაკანსიებს, რომელიც ახალგაზრდებს ქოლცენტრებში მუშაობას სთავაზობს, დასაქმების ქართულ ვებგვერდებზე დღემდე მრავლად შეხვდებით. ხშირად დამსაქმებელი პოტენციური თანამშრომლებისგან მხოლოდ ინგლისური ენის ცოდნას ითხოვს. სწორედ ასეთი განცხადებით დაიწყო პირველი სამსახური შაბათის ფორმულამ წყარომ. ის ალექსიძის ქუჩაზე მდებარე, ერთ-ერთი ქოლცენტრის ყოფილი თანამშრომელია. სხვების მსგავსად, პოტენციურ მსხვერპლს ისიც მოგონილი სახელით ეკონტაქტებოდა. შაბათის ფორმულას რესპონდენტი უცხოელ მომხმარებელს რუთის სახელით ეცნობოდა.

შაბათის ფორმულამ რესპონდენტი ქოლცენტრების სამუშაო პროცესის შესახებ დეტალურად ჰყვება. მისი მონაყოლით, ოფისში ერთი დიდი საერთო სივრცეა - სამუშაო პროცესს ჯგუფის ხელმძღვანელები სათვალთვალო კამერებით აკონტროლებენ, დაგვიანება კატეგორიულად აკრძალულია და პირველი ზარი ევროპის ქვეყანაში დღის 12 საათიდან უნდა განხორციელდეს.   

რას ჰყვება ქოლცენტრის ყოფილი თანამშრომელი:

სხვისი თანხის მითვისებასა და კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევას ოფისში რამდენიმე თანამშრომელი ცდილობს. სქემა შემდეგნაირია: პირველ ზარს პოტენციურ მსხვერპლთან გაყიდვების დამწყები აგენტი ახორციელებს; შემდეგ საქმეში ე.წ. რითენშენ აგენტი ერთვება, რომელმაც მომხმარებელს პირველი ტრანზაქცია უნდა განახორციელებინოს. პირველი ორი ეტაპის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ოპერაციაში ერთვება ჯგუფის ლიდერი და სწორედ მისი დახმარებით ასიათასობით ევრო ოფშორში რეგისტრირებული კომპანიების საბანკო ანგარიშებზე ირიცხება. სწორედ ჯგუფის ლიდერია ბოლო ვინც მსხვერპლს ესაუბრება. თანხის დაკარგვის შედეგ, სატელეფონო კომუნიკაციას მოტყუებული მომხმარებელი მოგონილი კომპანიის წარმომადგენლებთან ვეღარ ახერხებს.

ქოლცენტრის ყოფილი თანამშრომელი შაბათის ფორმულას უყვება, რომ ხელისუფლების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციების დროს, დახურული ქოლცენტერბი, მათ საბოლოოდ გაუქმებას არ ნიშნავს. წყარო, რომელიც ასეთ საქმიანობაში, გამოცდილ კადრად ითვლება, ამბობს, რომ ევროპელი სამართალდამცველების დასანახად დაკეტილი ქოლცენტრები, რეალურად მალევე სხვა ადგილზე და სხვა სახელით იწყებს მუშაობას და ეს დღემდე გრძელდება. მაგალითად, შაბათის ფორმულას რესპონდენტს, ერთ-ერთ ახალ ქოლცენტრში მუშაობის დაწყება ინტერვიუმდე რამდენიმე საათით ადრე შესთავაზეს. რესპონდენტი ორ კონკრეტულ მისამართს ასახელებს: ალექსიძის 13 და ქინგ დევიდის კომერციული ოფისები. შაბათის ფორმულისთვის სხვა მისამართებიც გახდა ცნობილი. ერთ-ერთი ასეთის გადამოწმება შაბათის ფორმულას გადამღებმა ჯგუფმა ანტიკორუფციული მოძრაობის წევრებთან ერთად სცადა - თბილისში, ვახუშტის ხიდთან მდებარე ბიზნეს ცენტრი ატრიუმი, სადაც ხუთშაბათს ფინანსურმა პოლიციამ სპეცოპერაცია ჩაატარა. ანტიკორუფციული მოძრაობის ინფორმაციით, 8-სართულიან ცენტში რამდენიმე ქოლცენტრი უკანონოდ მუშაობდა.

ვახუშტის ხიდთან მდებარე, ბიზნეს ცენტრ ატრიუმის ცენტრალური მისაღების დატოვებისთანავე კომპანია ალგანმა ტერიტორიაზე უსაფრთხოების თანამშრომლები გამოუშვა და გაამაგრა. ანტიკორუფციული მოძრაობის წევრებმა პოლიციაში დარეკეს. 

პატრულის გამოძახებიდან 5 საათის შემდეგ, ატრიუმის ბიზნეს ცენტრში ფინანსური პოლიცია შევიდა. საგამოძიებო მოქმედებები ცენტრში არსებულ 21  ოფისში ერთდროულად დაიწყო, თანამშრომლებს კი მუშაობის გაჩერება მოსთხოვეს. საბოლოოდ გამომძიებლები, 8-სართულიანი შენობის მეორე და მესამე სართულზე არსებულ აიტი კომპანიებში გაჩერდნენ. შენობიდან გამოსული თანამშრომლები არ ჰყვებოდნენ რას საქმიანობდნენ ოფისში, მაგრამ ამტკიცებდნენ რომ არცერთი მათგანი ქოლცენტრის თანამშრომელი არ იყო. ორივე კომპანიის თანამშრომლები ძირითადად რუსეთიდ, უკრაინისა და ბელარუსის მოქალაქეები არიან. მათივე თქმით, კომპანიები საქართველოში ომის დაწყების შედეგ დარეგისტრირდა და ბოლო ერთი წელია ბიზნეს ცენტრ ატრიუმში მუშაობენ.

ბიზნეს ცენტრში საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე გაგრძელდა. გამოძიებამ ნივთმტკიცებულებები სათადარიგო გასასვლელის დახმარებით გაიტანა. დაილუქა ორივე კომპანიის ოფისიც. გამომძიებლებმა ტერიტორია ისე დატოვეს რომ არ განუმარტავთ აღმოაჩინეს თუ არა კანონსაწინააღმდეგო მტკიცებულება და რატომ დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები 5 საათის დაგვიანებით. კიდევ ერთი შენობა - საბურთალოზე მდებარე ბიზნეს ცენტრი ბადა ქონსთრაქშენმა აშენა, რომელიც შპს ვახუშტი პლაზას ეკუთვნის. მისი 40% წილის მფლობელი ბაჩანა ადამიაა. ადამია, 2017 წლიდან შპს გლობალ გრუფში თანაბარ 50%-იან წილს ფლობს დავით ბალანჩივაძესთან ერთად. დავით ბალანჩივაძემ ქართულ ოცნებას სხვადასხვა წლებში სულ 295 000 ლარი შესწირა. მისი სახელი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილს, უჩა მამაცაშვილს უკავშირდება. რამდენიმე წლის წინ, სტუდია მონიტორი თავის საგამოძიებო რეპორტაჟში ამტკიცებდა, რომ ბალანჩივაძე არემჯი გოლდის მეწილე სწორედ უჩა მამაცაშვილის პროტექციით გახდა. ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ბალანჩივაძე მამაცაშვილის ინტერესების პირდაპირი გამტარი იყო. ბალანჩივაძის გვარი, როგორც ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილთან დაკავშირებული პირის, ნახსენებია სუს-იდან გამოჟონილ დოკუმენტებშიც. კერძოდ, სუს-ის ფაილების მიხედვით, ქორეპისკოპოსი თეოდორე ჭუაძე, ეპარქიის მღვდელს ბალანჩივაძის შესახებ ესაუბრება და ამბობს, რომ ის მამაცაშვილის ახლო მეგობარია.

ცენტში 21 სხვადასხვა კომპანია ფუნქციონირებს. ატრიუმში უძრავი ქონების ნაწილი გაყიდულია და მას სხვა პირები აქირავებენ. უძრავი ქონების ნაწილს ამ ბიზნეს ცენტრში დოკუმენტების მიხედვით უჩა მამაცაშვილის ახლო მეგობარი დავით ბალანჩივაძე ფლობს. რეიდის დროს, შაბათის ფორმულას ინფორმაციით, პოლიცია ამ ტერიტორიაზეც შევიდა. 

შაბათის ფორმულას მიერ გადამოწმებული მისამართები, სადაც ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ქოლცენტრები ფუნქციონირებდა მთლიანი სურათის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია. ჟურნალისტებს კიდევ ათობით მისამართი აქვთ, სადაც სავარაუდოდ უკანონო საქმიანობა ამ დრომდე გრძელდება. გამოძიება მათი საქმიანობით ჯერ არ დაინტერესებულა.


close დახურვა