შაბათის ფორმულამ მოიპოვა სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, სადაც დეტალურად ჩანს თავდასხმა ნაციონალური მოძრაობის წევრზე, დიმა ჩიქოვანზე.
კადრებში ჩანს, რომ 5 კაცი ჩიქოვანს საცხოვრებელ სახლთან რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდებოდა. გარდა ამისა, მოპოვებულ ჩანაწერში ჩანს, თუ როგორ იღებენ თავდამსხმელები ტელეფონით მითითებებს და მას შემდეგ რაც შეიტყობენ, რომ ჩიქოვანი სახლს უახლოვდება, ხუთივე მათგანი თავდასხმისთვის ემზადება.
შაბათის ფორმულას მიერ მოპოვებულ ფარულ ჩანაწერში - ორი თავდამსხმელის იდენტიფიცირება შესაძლებელია, ორივეს სახე კამერამ დააფიქსირა. ამასთან, შაბათის ფორმულას ცნობით, დიმა ჩიქოვანის საცხოვრებელ სახლთან, სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეკიპაჟი, რომელიც თავდასხმის პარალელურად, ვითარებას ადგილზე აკონტროლებდა.
ჩიქოვანზე თავდასხმის შემდეგ 10 დღე გავიდა, თუმცა პოლიციას მის სახლთან ახლოს დამონტაჟებული არც ერთი კამერის ჩანაწერი ჯერ არ ამოუღია. თავდასხმის საქმეზე დაკავებული არავინაა.