შაბათის ფორმულამ მოიპოვა ჩანაწერები მკვლელობის ადგილიდან, სადაც პოლიციელმა ტაბელური იარაღით 30 წლის კაცი მოკლა. შემთხვევა წყნეთში მოხდა, უფროსმა გამომძიებელმა - ზურა გველესიანს იმ დროს ესროლა, როდესაც ის გამოძიების ვერსიით, გადამალულ ფაქტს, ნარკოტიკულ საშუალებას ეძებდა.
ვიდეო, რომელიც შაბათის ფორმულამ მოიპოვა სასწრაფო დახმარების მანქანა იწერდა. ექიმები მოკლულ 30 წლის ზუკა გველესიანზე მიუთითებენ, რომელსაც პოლიციის დეტექტივმა ერიკ წურწუმიამ ტაბელური იარაღიდან ესროლა. ამავე ჩანაწერებში ჩანს, თავად მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში მკვლელობის ადგილას შეუფერხებლად, მობილურით ხელში გადაადგილდება.
გარდა ამისა, ჩანაწერში ისმის, რომ შემთხვევის ადგილზე არა წყნეთის, არამედ ქალაქის თითქმის სრული შემადგენლობაა მისული. სასწრაფოს ექიმები გამოთქვამენ ეჭვს, რომ მკვლელობის ადგილზე გამომძიებლებს საქმის ფალსიფიცირება უნდათ. საქმის მასალების მიხედვით 30 წლის ზუკა გველესიანს, გულში ერთი ცეცხლსასროლი ჭრილობა აქვს მიყენებული, თუმცა ამავე ჩანაწერის მიხედვით ირკვევა, რომ ცხედარს ორი დაზიანება აღენიშნება, ერთი ცეცხლსასროლი, ერთი კი იარაღის კონდახით მიყენებული. სასწრაფოს ექიმის თქმით, გველესიანს მარცხენა იღლიაში ჰქონდა შემავალი ჭრილობა. ექიმი ასევე ეჭვობს, რომ წიხლიც ჩაარტყეს. ექიმის ამ ფრაზას ამყარებს ფოტო, რომელიც გარდაცვალების შემდეგაა გადაღებული, გველესიანს თავის არეში ღრმა ნახეთქი ჭრილობა აქვს, ექსპერტიზის დასკვნით ჭრილობა გარდაცვალების დღეს აქვს მიღებული, თუმცა იმავე დღეს, მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე გადაღებულ სათვალთვალო კამერის ჩანაწერებში ჩანს, რომ გარდაცვლილს არავითარი ჭრილობა არ აღენიშნება.
ზუკა გველესიანის მკვლელობის საქმეში, ერთ-ერთი საეჭვო გარემოებაა ის ფაქტიც რომ მკვლელობის ადგილზე, გასროლიდან 5 საათის განმავლობაში, ცხედარი ექსპერტიზაზე არ გადაასვენეს. ოფიციალური ვერსიით 30 წლის ზურა გველესიანი, წყნეთში ლადო გუდიაშვილი ქუჩაზე ნარკოტიკულ საშუალებას ეძებდა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციის დეტექტივს, წინააღმდეგობა გაუწია რა დროსაც პოლიციელს იარაღიდან შემთხვევით გაუვარდა.
საქმეს ორი მოწმე ჰყავს, დარაჯი რომელმაც გველესიანს ნიჩაბი ათხოვა და ტაქსის მძღოლი, რომელმაც მკვლელობა დაინახა. მოწმე შაბათის ფორმულას უყვება, რომ მკვლელობის ადგილას არ ყოფილა ისეთი სიტუაცია, რომ პოლიციელი ზუკა გველესიანს იარაღით დამუქრებოდა და მისთვის ესროლა. საქმის მასალების მიხედვით შემთხვევის ადგილიდან საინიექციო საშუალება ამოიღო და მათივე მტკიცებით მასზე გველესიანის კვალი ამოვიდა.
საეჭვოა გამოძიების ეს ოფიციალური ვერსიაც, რადგან სამხარაულის ექსპერტიზის მოკლულის სისხლში ნარკოტიკულ საშუალებას ვერ მიაგნო.
გამოძიება არა განზრახ მკვლელობის არამედ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს, ამის პარალელურად ირკვევა, რომ ოჯახს დაცვის მხარემ, საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ თანხა შესთავაზა, რასაც ოჯახი არ თანხმდება.