logo
ENG



შაბათის ფორმულას ინფორმაციით, დავით ხიდაშელი საქართველოში რუსული VTB ბანკის ყიდვას აპირებს

30 აპრ 202220:42
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ე.წ. კარტოგრაფების საქმის მთავარი მოწმე დავით ხიდაშელი, რომელმაც რიყის დოქები შეიძინა და რომლის საკუთრებაშიც უკვე ნახევარი რაჭის ტყე-ღრე და მთებია, ახლა საქართველოში რუსული ვითიბი ბანკის ყიდვას აპირებს.

რაც შეეხება რაჭის მიწევს, ფართობი იმდენად დიდია, რომ შაორიდან კავკასიონამდე, გზის ორივე მხარეს, დაახლოებით 70 კილომეტრზეა გადაჭიმული. რუსეთში მჭიდრო მეგობრული თუ ბიზნეს კავშირების მქონე ბიზნესმენის კომპანიას მუშაობის უფლება დაახლოებით 105 ათას ჰექტარზე ეძლევა.

ახლა თანხების შესახებ: ინვესტიცია და იჯარა ჯამში 6 151 ლარია. ერთი ჰექტრის ქირაობა, 60 ლარი ჯდება. ეს თანხაც, რომ გავყოთ 49 წელზე [სწორად ამდენი ხნით გადაეცა ხიდაშელს იჯარით ეს მიწები], გამოვა რომ ოლიგარქის კომპანიას ერთი ჰექტრის ქირაობაში 1 წელიწადში გადასახდელი აქვს დაახლოებით 1.20 ლარი.

ოფიციალური ვერსიით, ეს ტერიტორია დავით ხიდაშელის შპს ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად სჭირდება. ასევე კეთილ შობილი ირმისა და დაახლოებით საუკუნის წინ გადაშენებული კავკასიური დომბას გასამრავლებლად.

შაბათის ფორმულა დაუკავშირდა პროექტის მენეჯერს, იოსებ ღუტიშვილს, რომელსაც ჰკითხა რა საჭიროა სამონადირო მეურნეობისთვის ამხელა ტერიტორია და საიდან უნდა შემოიყვანონ დომბა, იგივე ევროპული ბიზონი. აღმოჩნდა, რომ ევროპული ბიზონის შემოყვანას რუსეთიდან აპირებენ. აღსანიშნავია, რომ სალიცენზიო არეალსა და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის მანძილი მხოლოდ 450-მდე მეტრია.

კარტოგრაფების საქმის გარდა ხიდაშელი ის ბიზნესმენია, რომელსაც რუსეთთან ახლო კავშირები აქვს. სისტემა - ასე ჰქვია კრემლის სპეცსამსახურების მიერ კონტროლირებად რუსულ უმსხვილეს ჯგუფს, სადაც ქართველი ბიზნესმენი წლები მუშაობდა. დავით ხიდაშელი ოლეგ მუბარაშკინის ახლო გარემოცვის წევრია, რომელიც რუსეთის საგარეო დაზვერვის საიდუმლო ოფიცერია.

 


close დახურვა