logo
ENG



შავი ფერის წინდები და ფეხსაცმლის საფენები - ახალი დეტალები შაქარაშვილის საქმეში

02 ივლ 202020:17
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ბუნდოვან საქმეში ახალი დეტალები ჩნდება. საქმის მასალების მიხედვით, 25 ივნისს, მდინარე არაგვის ხიდის ქვეშ, ნაპირის დათვალიერებისას შავი ფერის წინდები და ფეხსაცმლის საფენებია ნაპოვნი. ამოღებული ნივთები ქიმიურ და ბიოლოგიურ ექსპერტიზაზე გადაიგზავნა, იმის დასადგენად არის თუ არა მათზე სისხლის კვალი და ბიოლოგიური მასალა, ასევე დენთის კვალი.  გამოძიება როგორც ჩანს სიმაღლიდან ვარდნის ვერსიასაც განიხილავს, რადგან  ნივთებზე დაზიანებების აღმოჩენის შემთხვევაში საქმის მასალების მიხედვით, ექსპერტიზამ ისიც უნდა გაარკვიოს არის თუ არა ეს  სიმაღლიდან ვარდნის შედეგი. 

10 ტომიან საქმეში უკვე არის იმ ექსპერტიზის პასუხები, რომელიც ფიგურანტი ფოტოგრაფის აპარატზე ჩატარდა. ფოტოაპარატის შესწავლის აუცილებლობა გამოძიებამ დაასაბუთა იმით, რომ ბრეგვაძე გამოძიებასთან სათანადოდ არ თანამშრომლობდა და გაჩნდა სამხილების განადგურების ეჭვი.

ექსპერტიზის შედეგად შსს-მ მეხსიერების ბარათიდან 1700 წაშლილი გრაფიკული ფაილი აღადგინა, თუმცა არის თუ არა მათ შორის ტრაგიკული ღამის მტკიცებულებები უცნობია. 

"ექსპერტიზაზე წარდგენილი მეხსიერების ბარათიდან ამოღებულია და აღდგენილ იქნა 2198 არსებული და 1700 წაშლილი სტატუსის მქონე გრაფიკული ფაილი და 28 არსებული სტატუსის მქონე ვიდეო ფაილი, ხოლო სხვა სახის მასალის ამოღება/აღდგენა წარმოდგენილი მეხსიერების ბარათიდან, ექსპერტთა ხელთ არსებული აპარატურულ-პროგრამული საშუალებებით შეუძლებელი აღმოჩნდა", - წერია საქმეში.

საქმის მასალებში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ რა შინაარსის ფოტო და ვიდეომასალა მიიღო გამოძიებამ ექსპერტიზის შემდეგ. ამ კითხვას არც საქმის გამომძიებელი პასუხობს.

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

გარდა ამისა, უწყებამ შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოპოვებული ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული. 

დაკავებულთა შორის არიან მორაგბეები, ერთი მოჭიდავე და ერთი ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე, გიორგი შაქარაშვილის მეგობარი. 

შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

დაკავებული პირებიდან არცერთი ბრალს არ აღიარებს, მათი ადვოკატები აცხადებენ, ისინი უსაფუძვლო ბრალდებებით არიან დაკავებულები.

ფეხბურთელი 19 ივნისს გაუჩინარდა, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

 


close დახურვა