ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი შამბა ამტკიცებს, რომ ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობა არ იგეგმება. ამის შესახებ რუსული სახელისუფლებო გამოცემა Ria Novosty წერს.
"რაც შეეხება ოჩამჩირის პორტს, საუბარი არაა იქ სამხედრო-საზღვაო ბაზის მშენებლობაზე", - თქვა შამბამ.
2023 წლის 5 ოქტომბერს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას განათავსებს.
ბჟანია ამბობდა, რომ რუსული სამხედრო ბაზა ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში უახლოეს მომავალში განთავსდება და "და ეს გააძლიერებს როგორც რუსეთის ისე აფხაზეთის თავდაცვის შესაძლებლობებს".
მარტში კი გავრცელდა ფოტომასალა, სადაც ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობის პროცესი იყო ასახული.