ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დადგა დრო დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგი შედგეს და პროცესი ფასილიტაციიდან მედიაციაზე გადავიდეს. შარლ მიშელის განცხადებით, დღეს, 1 მარტს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს მოლაპარაკების მაგიდაზე იწვევს.
შარლ მიშელი მხარეებს მოუწოდებს, რომ მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია, რათა პოლიტიკური დიალოგი შედგეს. მიშელის განცხადებით, უნდა დასრულდეს პოლარიზაცია.
"ახლა და აქ მე ძალიან მაწუხებს ის გაღრმავებული პოლიტიკური კრიზისი, რომელიც საქართველოში არსებობს. მე ყველა მხარეს მოვუწოდებ, რომ მოხდეს დეესკალაცია და გაერთიანდეს ძალები იმისათვის, რომ პოლიტიკური დიალოგი შედგეს. მე ყველას ვიწვევ, რომ დღეს საღამოს შევხვდეთ. დადგა იმის დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე და მე ვიმეორებ, რომ პოლიტიკური დიალოგის დრო დადგა. ეს პროცესი რამდენიმე საკითხს მოაგვარებს. ეს არის სასამართლო სისტემის რეფორმა, დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო არის ის ასპექტი, რომელიც ჩვენი თანამშრომლობის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს", - განაცხადა მიშელმა.
მთავარი არხის კითხვის პასუხად, თუ როგორი იქნება ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ჩართულობა სიტუაციის დეესკალაციის მისაღწევად, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ორ კვირაში ღარიბაშვილის ვიზიტი ბრიუსელში, შესაძლოა, საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევად საინტერესო მომენტი იყოს.
"ჩემი განზრახვა არც ყოფილა და არც არის, რომ ამ ლამაზ ქვეყანაში გავატარო ერთი დღე, შემდეგ დავბრუნდე ბრიუსელში და მიხაროდეს ამ შედეგების. ჩემი მთავარი მიზანია, რომ სერიოზულად ვუყურებ ამ პროცესს, ამ პოლიტიკური სტაბილურობის მიღწევის პერსპექტივას. კარგად ფუნქციორებად დემოკრატია მნიშვნელოვანია სხვადასხვა გამოწვევის დასაძლევად. ეს შეხვედრა ბრიუსელში ორ კვირაში შეიძლება, საინტერესო მომენტიც იყოს. იმედი მაქვს, რომ დღეს საღამოს გვექნება შანსი, მივაღწიოთ წინსვლას და შეიძლება, დღეს ყველაფერი ვერ მოვაგვაროთ, მაგრამ დღეს შეიქმნება დიალოგისთვის ჩარჩოს სისტემა", - განაცხადა მიშელმა.
(მასალა მომზადებულია სინქრონული თარგმნის მიხედვით)