წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის „ემპათიას" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი, აცხადებს, რომ დაზიანებების მიღებიდან 24 საათის განმავლობაში, შაქარაშვილი, სავარაუდოდ, ცოცხალი იყო.
როგორც ექსპერტი ხსნის, სიცოცხლისდროინდელი ტრავმები გვამზე არ ტოვებს კვალს - იმისთვის, რომ დაზიანებებმა დატოვოს მოლურჯო ფერი, ადამიანი უნდა იყოს ცოცხალი.
„ვისაც ჰქონია მიცვალებულთან შეხება, შეუძლია თქვას, რომ გვამზე სისხლნაჟღენთები არ წარმოიქმნება. სიცოცხლისდროინდელი ნაჟღენთები განვითარებას და დინამიკას ვერ პოვებს გვამზე. როცა ვსაუბრობთ სიცოცხლისდროინდელ დაზიანებებზე და მათ ფერზე, ფერი არის მოლურჯო-მოიასამნისფრო - ეს ნიშნავს, რომ საშუალოდ 24 საათის წინ არის მიღებული ეს დაზიანებები. საშუალოდ 24 საათი ეს ადამიანი ცოცხალი იყო.
არის აღწერილი სათვალის სიმპტომი, თავ-ზურგ ტვინის სითხის შემღვრევა. გვაქვს ეჭვი, რომ იყო კრუნჩხვითი მოვლენები - ეს მიუთითებს, რომ ქალა-ტვინის მძიმე ტრავმასთან გვაქვს საქმე, სავარაუდოდ, ფუძის დაზიანებასთან. ეს დაზიანება უნდა იყოს ტომოგრაფიით დადასტურებული", - აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.
წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის „ემპათიას" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი, „დროებასთან" საუბარში ამბობს, რომ 19 წლის გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს არ გარდაცვლილა.
მარიამ ჯიშკარიანი მის პოზიციას დათვალიერების ოქმში არსებული ჩანაწერით ამყარებს - იქ აღნიშნულია, რომ გარდაცვლილის სხეულის ყველა კუნთში გვამური გაშეშება შეინიშნება, რაც, წესით, გარდაცვლილის სხეულზე 4 დღე არ უნდა აღენიშნებოდეს.
გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გაუჩინარდა - მისი ცხედარი 22 ივნისს იპოვეს მდინარე არაგვში.
ფეხბურთელის საქმეზე დანიშნულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვალების მიზეზი იყო ასფიქსია წყალში დახრჩობით.
ექსპერტიზის პასუხების შემდეგ გადაკვალიფიცრდა გამოძიება და დაემატა ახალი მუხლი - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, თუმცა, ამ მუხლით ბრალი ჯერ არავის წარდგენია.
გარდაცვალების საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც.