logo
ENG



შაქარაშვილის იმ მეგობრების ჩვენებები, ვინც წვეულებაზე არ იმყოფებოდნენ

15 ივლ 202017:29
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ახალი დეტალები გახდა ცნობილი. კერძოდ, ფეხბურთელის ორი მეგობრის ჩვენება, რომლებიც წვეულებაზე არ იყვნენ, თუმცა 19 ივნისს დილიდან ეძებდნენ დაკარგულ შაქარაშვილს.

როგორც ერთ-ერთი მეგობრის, ოლეგ ბობოხიძის ჩვენებიდან ირკვევა, მას გიორგის გაუჩინარების შესახებ გურამ ამირხანაშვილმა უამბო. ვინაიდან შაქარაშვილი დილით არ გამოჩნდა, მეგობრები და მისი მშობლები მცხეთაში ჩავიდნენ.

„2020 წლის 19 ივნისს, დაახლოებით ღამის ორ საათზე გურამ ამირხანაშვილმა მომწერა და მითხრა, რომ წვეულებაზე მოხდა დაპირისპირება, თუმცა მასში გიორგი შაქარაშვილი და გურამ ამირხანაშვილი არ მონაწილეობდნენ. გურამი მომიყვა, რომ ვერ დაინახა, სად წავიდა გიორგი - რადგან გიორგი არ გამოჩნდა დილით 08:30-მდე, ამირხანაშვილი დაუკავშირდა დედამისს და აცნობა მომხდარის შესახებ. 

მე, დედაჩემი, გიორგის დედა, და, გურამ ამირხანაშვილი და გიორგის მეზობელი წავედით მცხეთის მიმართულებით გიორგის მოსაძებნად. მივედით აგარაკზე და იქ, სადაც გაიქცა გიორგი. ჩვენ მდინარის ნაპირზე მისასვლელ ბილიკზე არ ჩავსულვართ", - ამბობს ოლეგ ბობოხიძე.

გიორგი შაქარაშვილის კიდევ ერთი მეგობარი კი ამბობს, რომ გურამ ამირხანაშვილის მონათხრობზე დაყრდნობით, მათ ჰქონდათ ინფორმაცია მდევრების აკიდებისა და ამირხანაშვილის დამალვის შესახებ. გოგავა ამბობს, რომ ამირხანაშვილი „ტოიოტა ქემრის“ მგზავრებმა ნების საწინააღმდეგოდ წამოიყვანეს თბილისში.

„ავტომობილი მოვიდა, მათ წინ შეჩერდა, რამდენიმე ადამიანი გადმოვიდა და გიორგი, გურამი და მათი თანმხლები გაიქცნენ ხიდის მიმართულებით. გურამის გადმოცემით, ის მეორე მხარეს გადავიდა - უკან მიჰყვებოდა გიორგი შაქარაშვილს. ბოლო მომენტში როცა დაინახა, შაქარაშვილი ხიდის ქვეშ მიმავალ ვიწრო გზაზე ჩარბოდა.

გურამი მალევე იპოვეს მდევრებმა და ჰკითხეს, სად წავიდნენ დანარჩენები. შემდეგ ჩასვეს ავტომობილში და წამოიყვანეს მისი ნების საწინააღმდეგოდ", - ამბობს ლუკა გოგავა.

გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გაუჩინარდა - მისი ცხედარი 22 ივნისს იპოვეს.

საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული.

ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ფეხბურთელის გარდაცვალება გამოიწვია ასფიქსიამ წყალში დახრჩობით. გამოძიებას ამის შემდეგ კიდევ ერთი მუხლი დაემატა - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში.


close დახურვა