logo
ENG



შაქარაშვილის საქმე - დამატებითი კითხვები სამართალდამცველების ქმედებების მიმართ

01 ივლ 202020:56
3 წუთის საკითხავი
 

დაკავებულების ადვოკატებს შაქრაშვილის საქმეზე ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით კითხვები აქვთ - პოლიციამ  ე.წ. ოქროს მოწმის გურამ ამირხანაშვილის ჩვენების მიხედვით, საგამოძიებო ექსპერიმენტი სხვა მარშრუტით ჩაატარა.

ჩვენებაში ამირხანაშვილი „ტოიოტას“ მარკის ავტომობილის მისვლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს იხსენებდა. ყვებოდა, რომ  რამდენიმე პირისგან თავის დასაღწევად, მცხეთის მიმართულებით გიორგი შაქარაშვილთან და ვახო ახვლედიანთან ერთად გაიქცა. გადაკვეთა მაგისტრალი და გზა პირდაპირ ფერადი შენობისკენ გააგრძელა სადაც ბუჩქებში ჩაიმალა.

მისივე  ჩვენების მიხედვით, ახვლედიანი და შაქარაშვილი  ხიდის მიმართულებით გაიქცნენ, რის შემდეგ ამირხანაშვილს არცერთი უნახავს. სამართალდამცავებმა ყველა ეს სცენა აღადგინეს, თუმცა ექსპერიმენტის მარშრუტი შეცვალეს და იმ ადგილას დაასრულეს, სადაც ფეხბურთელის ნივთები აღმოჩნდა.

საქმეში ბრალდებულების სტატუსის მქონე მორაგბეების ადვოკატებს აინტერესებთ, რატომ გაგრძელდა საგამოძიებო ექსპერიმენტი ხიდის ქვეშ, არაგვის კალაპოტში, სადაც ამირხანაშვილი მანამდე არ ყოფილა. სწორედ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს აღმოაჩინეს საქმის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება- შაქარაშვილის კუთვნილი შავი წელჩანთა. მდინარე არაგვის კალაპოტში აღმოჩენილი ჩანთა ადვოკატებს ეჭვებს უჩენთ.

როგორ აღმოჩნდა პოლიცია იმ ადგილას, სადაც გარდაცვლილის ნივთები იდო, ამ კითხვაზე სამართალდამცავ უწყებებში კომენტარს არ აკეთებენ, პასუხი ამ საკითხზე არ სურს ამირხანაშვილსაც.  

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს. 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

გარდა ამისა, უწყებამ შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე მოპოვებული ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ფეხბურთელის სიცოცხლის ბოლო საათები და საბედისწერო ღამეს მომხდარი რამდენიმე ინციდენტია ასახული. 

დაკავებულთა შორის არიან მორაგბეები, ერთი მოჭიდავე და ერთი ფეხბურთელი ირაკლი წაქაძე, გიორგი შაქარაშვილის მეგობარი. 

შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

დაკავებული პირებიდან არცერთი ბრალს არ აღიარებს, მათი ადვოკატები აცხადებენ, ისინი უსაფუძვლო ბრალდებებით არიან დაკავებულები.

ფეხბურთელი 19 ივნისს გაუჩინარდა, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

 


close დახურვა