logo
ENG



შაქარაშვილის საქმე - რა მოხდა 19 ივნისის საბედისწერო ღამეს

27 ივნ 202020:11
3 წუთის საკითხავი
 

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 17 ადამიანს კავშირი აქვს საბედისწერო დაბადების დღესთან, რომელსაც ნარეკვავზე ერთ-ერთ აგარაკზე აღნიშნავდნენ.

წვეულებაზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ერთმანეთს მოზარდები დაუპირისპირდნენ და სიტყვიერი დაპირისპირება მალევე ჩხუბში გადაიზარდა.

"შაბათის ფორმულამ" ჩაწერა ადამიანი, ვინც ნახა, რა ხდებოდა აგარაკზე პირველი კონფლიქტის დროს. მის მონათხრობზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ფიზიკური დაპირისპირება აგარაკიდან გამოსვლის დროსაც გაგრძელდა.

საქმის მასალებით დგინდება, რომ ამ ჩხუბის დროს უფრო ნაცემი მოზარდები გაბრაზდნენ, დაურეკეს უფროს მეგობრებს და სამაგიეროს გადახდის მიზნით ისინი ნარეკვავზე დაიბარეს. საქმის გასარჩევად თბილისიდან მცხეთაში 2 ავტომობილით წავიდნენ, მათ შორის მორაგბეები და ძიუდოისტები იყვნენ. მათი უმეტესობა ზრდასრული მამაკაცია. 

ირკვევა, რომ ნარეკვავში ჩასულებმა სცემეს იქ დარჩენილი ახალგაზრდების რამდენიმე ჯგუფს. დაპირისპირების ასე დრამატულად გაგრძელების გამო, თბილისიდან ჩასულ მოჩხუბრებს ნარეკვავიდან რამდენიმე მოზარდი გამოექცა, მათ შორის იყო 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილიც. გაქცეულებს მანქანით სდიეს, სავარაუდოდ, გაეკიდნენ გიორგისაც. მისი ცხედარი ამ ინციდენტიდან რამდენიმე დღის შემდეგ მდინარეში იპოვეს. მოზარდს მძიმე დაზიანებების კვალი აღენიშნება - ზურგზე კისერზე და სახეზე. ექსპერტიზის პასუხი ჯერ არ არსებობს, ამიტომ გამოძიება არ ამბობს, როგორ მოკვდა ფეხბურთელი.  

დაკავებულებს ბრალი წარდგენილი აქვთ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის, მასში მონაწილეობისთვის, ცემისთვის და ადამიანის თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის. საქმის მასალების მიხედვით, ნარეკვავში ჩასულებმა მოზარდების ნაწილს სცემეს, ნაწილს სდიეს, ნაწილს კი თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს. 


close დახურვა