გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გიორგი შაქარაშვილის საქმის გამომძიებლები და ბრალდებულების ადვოკატები იმყოფებოდნენ. ადვოკატების ინფორმაციით, დაკავებულების ნაწილს საქმეზე ბრალი უმძიმდება, მათ შორის არის დაკავებული ირაკლი წაქაძე, რომელსაც ბრალი ჯგუფური ძალადობის მუხლით ჰქონდა წაყენებული. მის ბრალდებას დაემატა სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ერთ-ერთ დაზარალებულ არასრულწლოვანთან და ბრალდებულ ვახტანგ ჩიქოვანთან მიმართებით, საუბარია აგარაკზე მომხდარ დაპირისპირებაზე. ადვოკატის განმარტებით, მუხლის დამძიმების მოტივი ექსპერტიზის დასკვნებია. გაიოზ ჩარკვიანი საქმის მოწმეებს უნდობლობას უცხადებს და გადაწყვეტილებას აბსურდულს უწოდებს.
"დაზუსტება გვითხრეს და სინამდვილეში, ახალი ბრალის ფორმულირება წარუდგინეს, ეს არის 120-ე მუხლის მეორე ქვეპუნქტის "დ" ქვეპუნქტი, ეს არის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ოღონდ ჯგუფურად. საბურთალოს მხარეს წარმოადგენს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და ისეთი მოწმეები არიან, ეს არის აბსურდი საერთოდ, თუნდაც ამირხანაშვილი, თუნდაც ახვლედიანი, თუნდაც ბროლაძე, ღიბრაძე, რომელიც არ შედის არც ერთ კონტექსტში საბურთალოელებთან მიმართებით“, - ამბობს გაიოზ ჩარკვიანი.
გარდა ამისა, ბრალი უზუსტდებათ "ტოიოტა ქემრის" მგზავრებსაც, მათ ბრალი წაყენებული აქვთ განზრახ მკვლელობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით. გამოძიება კი აზუსტებს, რომ მათ საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმეს, გურამ ამირხანაშვილს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, წინასწარ განზრახულად დანაშაულის დაფარვის მიზნით.
"ზუსტდება და ფაქტიურად მორგება ხდება საქმეში არარსებულ მტკიცებულებებზე, რომელ დაფარვაზე არის [საუბარი] მაშინ, როდესაც თავისუფლების აღკვეთას ადგილი არ ჰქონია. ფორმულირების შეცვლა არ გულისხმობს კვალიფიკაციის შეცვლას, როდესაც ფორმულირება მოცემული გვაქვს, შეიცვლება გარემოებები და დაემატება ფარატინა სიტყვები“, - ამბობს არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაშვილის ადვოკატი, ვასილ მამულაშვილი.
19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე, შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, 26 ივნისს 17 ადამიანი დააკავა.
11 აგვისტოს პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 5 პირს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმა. შეგახსენებთ, 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.