გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით დაკავებული ვერონიკა არონია გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
როგორც ფორმულას ადვოკატმა ანა ჟღენტმა განუცხადა, პროკურატურა დაკავებულისთვის 5000-ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა, ვერონიკა არონიას სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსამართლემ ის 2500-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებმა ვერონიკა არონია რამდენიმე დღის წინ დააკავეს. პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, დაკავებულმა, ჟურნალისტური კარიერის მოწყობის მიზნით, სამართალდამცავ ორგანოებს შეგნებულად ცრუ ინფორმაცია მიაწოდა.
პროკურატურის ცნობით, ბრალდებული 15 ივლისს მედიას დაუკავშირდა და მოუყვა მის მიერ გამოგონილი ამბავი, თითქოსდა რამდენიმე საათით ადრე, მისი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, მცირეწლოვან შვილთან ერთად სეირნობისას, შეესწრო 4 უცნობი პირის საუბარს, რომელიც პირდაპირ კავშირში იყო გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობასთან.
პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, დაკავებული, დროის იმ მონაკვეთში, როდესაც თითქოსდა მოისმინა უცნობის პირების საუბარი, მისსავე ბინაში იყო და სახლიდან არ გასულა. შესაბამისად, ბრალდება მიიჩნევს, რომ მის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული სრული ინფორმაცია არის გამოგონილი და არ შეესაბამება სიმართლეს.