logo
ENG



შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულები შესაძლო ზემოქმედებაზე საუბრობენ - ლომჯარია

14 ივლ 202016:15
3 წუთის საკითხავი
 

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულებს შეხვდა - დაკავებულები სავარაუდო ზემოქმედების ფაქტებზე საუბრობენ.

როგორც ნინო ლომჯარიამ მედიასთან განმარტა, მას არ აქვს უფლება, დეტალურად ისაუბროს ამ საკითხზე, თუმცა ბრალდებულების მიერ მოწოდებული ინფორმაცია, მისი თქმით, ეხება სავარაუდო ზემოქმედების მცდელობას.

„უმრავლესობა დაკავებულს არ გამოუთქვამს სურვილი სახალხო დამცველის დახმარების - იყო ცალკეული შემთხვევები და ინფორმაცია,რაც მოგვაწოდეს, რაზეც დავიწყებთ შესწავლას. არ გვაქვს თანხმობა, რომ საჯაროდ ვისაუბროთ ამის თაობაზე. საყურადღებო ინფორმაცია მივიღეთ და დაწყებულია შესწავლა.

ვერ შევაფასებ, რამდენად სერიოზული ან დასაბუთებული იყო ის ინფორმაცია, რაც მოგვაწოდეს - გარკვეულწილად ეხება სავარაუდო ზემოქმედების განხორციელების მცდელობას, რომლებზეც ბრალდებულები საუბრობენ. დეტალებში ვერ შევალ, გვთხოვეს საჯაროდ არ გვესაუბრა. ერთ-ერთი ეხება ფიზიკურ ზემოქმედებას, მეორე ეხება სხვა შემთხვევას. ვაპირებ სხვა დაზარალებულებთანაც შეხვედრას", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს დაიკარგა - 22 ივნისს ფეხბურთელი გარდაცვლილი იპოვეს მდინარე არაგვში.

მისი გარდაცვალების საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული - მათ შორის არიან მორაგბეები, ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილი და ორი არასრულწლოვანი.

ექსპერტიზამ დაადგინა, რომ შაქარაშვილი ასფიქსიით გარდაიცვალა, თუმცა მას დაზიანებები სიცოცხლეშივე მიაყენეს.


close დახურვა