logo
ENG



შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები - პოლიციაში კიდევ ერთი მოწმე გამოიკითხა

25 ივნ 202019:41
3 წუთის საკითხავი
 

ამ დრომდე უცნობია, რა ვითარებაში გარდაიცვალა 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი. მომხდართან დაკავშირებით უკვე სამი დღეა, მცხეთის პოლიციაში დაკითხვები მიმდინარეობს.

პოლიციაში დღეს თენგო ბარბაქაძე იმყოფებოდა, რომელიც საქმის ერთ-ერთი მოწმეა. როგორც მისმა მამამ, ხვიჩა ბარბაქაძემ მედიას განუცხადა, მისი შვილი ადასტურებს, რომ აგარაკზე, დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდა. მისი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ადგილზე ვითარება დაიძაბა, თენგო ბარბაქაძემ ტერიტორია მეგობარ გიგა ტატიაშვილთან ერთად დატოვა. მათთან ერთად მცხეთიდან თბილისში კიდევ რამდენიმე პირი წამოვიდა. ამის შემდეგ, ხვიჩა ბარბაქაძის შვილი ტატიაშვილთან ერთად მიბრუნდა აგარაკზე, რათა სხვა პირებიც წამოეყვანათ.

მოწმის მამა არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მისი შვილი გიორგი შაქარაშვილს შეხვდა ან რაიმე შემხებლობა ჰქონდა ხიდთან მყოფ ახალგაზრდებთან.

„თავიდან გაერიდნენ, გაიქცნენ. შაქარაშვილი კონფლიქტში არ უნახავას და ამბობს, რომ თავიდან რომ გავიცანით კარგი ბიჭი იყოო. იმ ბიჭს არ ჰქონიაო კონფლიქტი არავისთანო. აივანზე ვიდექი ცალკეო, რომ გამოვედი მომკიდა ვიღაცამ ხელი და კედელზე მიმახეთქაო. სხვა არაფერი იცის. გაიქცნენ და მაშინ განიმუხტა სიტუაცია, მერე მოსდევდნენ ალბათ იმ ბიჭებს, ნახალოვკელებს მე როგორც ვიცი. ესენი მიბრუნდნენ წამოსაყვანად და არა დასახმარებლად თავიანთი ამხანაგების“, - განაცხადა ხვიჩა ბარბაქაძემ.

როგორც ის აცხადებს, მცხეთის პოლიციის ავტოსადგომზე დალუქული ერთ-ერთი ავტომობილი, რომელიც არის „მერსდესის“ მარკის, ძიუდოისტ გიგა ტატიაშვილს ეკუთნის. ამ ავტომობილის გარდა დალუქულია კიდევ ორი ავტომობილი. ერთ-ერთ მათგანზე დღეს დამატებითი კვლევები ჩატარდა. ასევე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში გრძელდება ექსპერტიზებიც. გარდა ამისა, დღეს სამხარაულის ბიუროში იმყოფებოდნენ ის ახალგაზრდები, რომლებიც წვეულებას ესწრებოდნენ, თუმცა მათ მედიასთან დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავეს.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებისა და ხორავას ქუჩის ტრაგედიას შორის მსგავსებაზე საუბრობს სახალხო დამცველი. ნინო ლომჯარია შიშობს, რომ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები დროულად არ ჩატარდება, რაც რეალობის დადგენას ხელს შეუშლის. ის ასევე მიმართავს დაზარალებულის ოჯახის წევრებს და იურიდიულ დახმარებას სთავაზობს.

„გარკვეული შიშები, რამდენად ეფექტურად წარიმართება და დროულად ჩატარდება ყველა ის საგამოძიებო მოქმედება, რაც საჭიროა ამ ტიპის საქმეებზე რომ ჩატარდეს, რაც ვერ ჩატარდა ხორავას ქუჩის საქმეზე და რის გამოც  ხარვეზებით წარიმართა გამოძიება. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა სახალხო დამცველის დახმარება შევთავაზო დაზარალებულ ოჯახს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილი 18 ივნისს გაუჩინარდა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ მისი ცხედარი არაგვში იპოვეს. მას სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება - გამოძიებას ჯერ არავინ დაუკავებია.


close დახურვა