გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორი დავით ყაზარაშვილი არ გამორიცხავს, რომ საქმეზე დაკავებულებს ბრალი განზრახ მკვლელობის ნაწილში, უახლოეს მომავალში დაუმძიმდეთ.
როგორც პროკურორი განმარტავს, რომ ბრალის დამძიმება საკმარისი მტკიცებულებების გამოვლენის შემდეგ მოხდება. მისივე თქმით, ბრალდება შესაძლოა, არასრულწლოვნებსაც დაუმძიმდეთ. ამასთან, ბრალდების მხარემ ამ ეტაპზე არ იცის, თუ რამდენი პირის მიმართ შესაძლოა მოხდეს ბრალის დამძიმება.
"იცით, რომ განზრახ მკვლელობის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. მათ შორის, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგაც უამრავი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა. რაც შეეხება ბრალდების დამძიმებას, არ არის გამორიცხული, როგორც არასრულწლოვნების, ასევე სრულწლოვანი ბრალდებულების მიმართ - შესაძლებელია, უახლოეს პერიოდში ბრალდებულებს დაუმძიმდეთ ბრალდება. აღნიშნული იქნება მაშინვე, როგორც კი საკმარისი მტკიცებულებები იქნება", - განაცხადა ყაზარაშვილმა.
რაც შეეხება მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, დაკავებული 11 პირის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით, პროკურორის განმარტებით, მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურორის თქმით, შუამდგომლობის დაკმაყოფილება განპირობებულია იმით, რომ არსებობდა ბრალდებულების მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლემ 11-ვე დაკავებული პატიმრობაში დატოვა. ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.