logo
ENG



შაჰინი: ოცნების მხრიდან ვხედავთ დემოკრატიიდან უკუსვლას, უნდა ვიფიქროთ, როგორ დავუჭიროთ მხარი

03 დეკ 202220:57
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/03/k7fzasw3tb33wv6.jpg

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების საკითხებში დემოკრატიული პარტიის სენატორი ჯინ შაჰინი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოს ბოლო წლებში დემოკრატიის კუთხით უკუსვლა აქვს და აშშ ცდილობს, საქართველოს დახმარების გზები მოძებნოს.

სენატორი აცხადებს, რომ იმედი აქვს, საქართველოს ხელისუფლება გაატარებს იმ რეფორმებს, რაც ევროკავშირში გაწევრიანებისთვისაა საჭირო.

შაჰინის თქმით, აშშ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მტკიცედ უჭერს მხარს და მნიშვნელოვანია აშშ-მ გააგრძელოს მისი დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერაც.

„სამწუხაროდ, რასაც ვხედავთ ბოლო წლების განმავლობაში, არის გარკვეულწილად უკუსვლა [დემოკრატიიდან] ხელისუფლების მხრიდან. ჩვენი მიზანია ვნახოთ, რის გაკეთება შეგვიძლია იმისთვის, რომ ისინი წავახალისოთ. მათ აქვთ ვალდებულება აღებული, რომ სურთ გაწევრიანდნენ ევროკავშირში. ამისთვის ევროკავშირმა მათ სთხოვა, გაატარონ გარკვეული რეფორმები, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დასადგომად. იმედია ისინი ამას გააკეთებენ, გადახედავენ ზოგიერთ ამ რეფორმას და შეძლებენ მათ შესრულებას... ან პროგრესის მიღწევას მაინც” - განაცხადა სენატორმა. 

ჯინ შაჰინმა სენატში კავკასიის შესახებ გამართული მოსმენისას მისი წინა განცხადებაზე, "ხომ არ იყო დრო საქართველოს მიმართ პოლიტიკისთვის გადაეხედათ" თქვა, რომ ეს მკაცრი განცხადება არ ყოფილა. შაჰინის აზრით, საქართველოს მმართველი პარტიის მხრიდან უკუსვლის ფონზე აშშ-მ უნდა იფიქროს მხარდაჭერის იმ გზებზე, რაც ამ სიტუაციას შეცვლის. 

სენატორი ასევე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს უკუსვლა არაა პროდუქტიული და "ვერ მიიყვანს მათ იქ, სადაც საქართველოს ხალხს სურს წასვლა".

„არ დავეთანხმებოდი თქვენს დახასიათებას, რომ ეს მკაცრი განცხადება იყო. როგორც კერენ დონფრიდმა თქვა, ჩვენ ვცდილობთ რეგულარულად შევაფასოთ ჩვენი პოლიტიკა ამა თუ იმ ქვეყნის მიმართ, ნებისმიერ რეგიონში, მთელ მსოფლიოში. როგორც იმ განცხადებაში ვთქვი და რასაც აქაც გავიმეორებ, არის ის, რომ ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში გაწევრიანება, და დემოკრატიზაციისკენ სვლა. სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან ვხედავთ უკუსვლას და უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია მათი მხარდაჭერა ამის შესაცვლელად.

თუ ის, რასაც დღემდე ვაკეთებთ, არ არის სწორი მიდგომა, მაშინ მოდით ვიფიქროთ გზებზე, თუ რის გაკეთება შეგვიძლია იმისთვის, რომ საჭირო მხარდაჭერა უზრუნველვყოთ. ცხადია, რომ ქართველ ხალხს სურს დასავლეთისკენ სვლა, მათ სურთ დემოკრატია. მათ სურთ ყველა ის თავისუფლება, რაზეც აქამდე ვისაუბრეთ. ჩვენ უნდა მოვნახოთ გზები იმისთვის, რომ მათ ამაში ხელი შევუწყოთ და მთავრობამ გააცნობიეროს, რომ უკუსვლა, რომელიც მიმდინარეობს, არ არის პროდუქტიული და ის ვერ მიიყვანს მათ იქ, სადაც საქართველოს ხალხს სურს წასვლა” - განაცხადა შაჰინმა.

ამერიკის ხმის ჟურნალისტის მხრიდან საქართველოში პოლიტიკოსთა გარკვეული ჯგუფის მხრიდან ანტიამერიკულ განცხადებებსა და ელჩებსა და დასავლელ პარტნიორებზე, მათ შორის თავად შაჰინზე თავდასხმის შესახებ კითხვაზე პასუხად სენატორმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, აშშ-სა და საქართველოს შორის დადებითი ურთიერთობა შენარჩუნდეს. შაჰინის თქმით, ექსტრემისტების მიერ ყურადღების გაფანტვის მცდელობები არ უნდა დაუშვან.

ამერიკელი სენატორის აზრით, ქართველ ხალხს უნდა ახსოვდეს, რომ ამგვარი დისკუსიები პუტინის რუსეთს აძლიერებს და არც საქართველოს და არც დასავლეთს არ ეხმარება.

„სამწუხაროდ, ჩვენ ექსტრემიზმის მომატებას პოლიტიკაში მთელ მსოფლიოში ვხედავთ. ვფიქრობ, მთავარია დავრჩეთ იმაზე კონცენტრირებული, რის გაკეთებასაც ვცდილობთ. ეს არის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დადებითი ურთიერთობის შენარჩუნება, ქართველი ხალხის სურვილების აღიარება და მათი მხარდაჭერა დემოკრატიისკენ სწრაფვაში და იმ ექსტრემისტების მიერ ჩვენი ყურადღების გაფანტვის არდაშვება, რომლებიც სწორედ ამას ცდილობენ.

ასევე [მნიშვნელოვანია] ის, შევახსენოთ ქართველ ხალხს, რომ ასეთ დისკუსიებს სარგებელი მხოლოდ რუსეთისთვის მოაქვს და საქართველოს ინტერესებში არ შედის. საქართველოს ინტერესებში არ შედის ძლიერი რუსეთი, მაშინ როცა რუსეთს საქართველოს ორი დიდი ტერიტორია აქვს ოკუპირებული. ქართველების უმეტესობას სურს, რუსეთმა დატოვოს საქართველოს ტერიტორია. ასე რომ ნებისმიერი რამ, რასაც ვაკეთებთ და რაც აძლიერებს პუტინს და რუსეთს, არ ეხმარება არც საქართველოს, არც შეერთებულ შტატებს და არც დასავლეთს” - განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა. 

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სენატორებმა თქვეს, რომ შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს დახმარების სისტემა, შესაძლოა, შეიცვალოს და ე.წ დამსახურებაზე დაფუძნებული გახდეს.

ე.წ დამსახურებაზე დაფუძნებული დახმარების სისტემა ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო შეასრულებს რეფორმებს, პარტნიორების მხრიდან მიიღებს დახმარებას.

სენატში შეშფოთებას გამოთქვამენ და ამბობენ, რომ საქართველოში არის დემოკრატიის უკუსვლა. მათი თქმით, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო. 

"ფაქტია, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება ყო მთავარი ვალდებულება. ასე უთხრა საზოგადოებას საქართველოში, შეერთებულ შტატებსა და ევროპულ გაერთიანებასაც, მაგრამ აშკარად გადაუხვიეს საკუთარ ვალდებულებას, ამიტომ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ვიფიქროთ სხვა არჩევანზე და შევეცადოთ ისინი ანგარიშვალდებულები გავხადოთ, მათ უნდა იცოდნენ, რომ ამას შედეგი მოყვება და შესაძლოა, ზოგიერთი შედეგი დაკავშირებული იყოს დახმარებასთან, რომელიც გვინდა, რომ ქვეყანას მივცეთ. გეთანხმებით, რომ ქართველი ხალხის ბრალი არაა, მთავრობის ბრალია,მაგრამ რაღაც ეტაპზე საჭიროა მათ მთავრობას უფრო მეტი ანგარიშვალდებულება მოსთხოვონ"- განაცხადა ჯინ შაჰინმა.

17 ნოემბერს ზარქუამ ამერიკელ სენატორს "ჩათლახი" უწოდა. ჟურნალისტმა მას შაჰინზე კითხვა დაუსვა, ზარქუამ კი შეურაცხმყოფელი რეპლიკა გააკეთა.


close დახურვა