საქართველოში კარანტინის შემცირებული, 8-დღიანი ვადა 15 სექტემბრიდან ამოქმედდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ფორმულას უთხრა, რომ დეტალები დადგენილებაში უნდა გაიწეროს.
ამასთან, ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ფორმულასთან ამბობს, რომ შემცირებული ვადა უცხოეთიდან დაბრუნებულ პირებს ეხება და არა გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტს.
კერძოდ, 8-დღიანი კარანტინი შეეხება იმ პირებსაც, ვინც ქვეყანაში დაბრუნდა და 15 სექტემბრისთვის კარანტინში ყოფნის, სულ მცირე, 8 დღე შეუსრულდა.
პაატა იმნაძის განმარტებით, შემთხვევის კონტაქტებზე 15 სექტემბრის შემდეგაც დარჩება ძველი რეგულაციები [12-დღიანი კარანტინი].
დღეს, 7 სექტემბერს პრესკონფერენციაზე პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ გამოაცხადა, რომ კარანტინში ყოფნის ვადა 8 დღემდე შემცირდა. მისი თქმით, მე-9 დღეს PCR ტესტი ჩატარდება, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი მოქალაქე საკარანტინო სივრცეს დატოვებს.
"საკარანტინო მოთხოვნა 14 დღის ნაცვლად იქნება 8 დღე იმისთვის, რომ დამატებითი დისკომფორტი შევუმსუბუქოთ მოქალაქეებსა და ჩვენს სტუმრებს, მე-9 დღეს იქნება PCR ტესტი, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში დატოვებენ საკარანტინო სივრცეს და ექნებათ კიდევ ერთი ვალდებულება - 12 დღის თავზე კიდევ ერთი PCR ტესტის გაკეთება", - განაცხადა გახარიამ.