logo
ENG



შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდებიან

10 დეკ 201913:01
3 წუთის საკითხავი
 
bzz9tf5ujcghvjl.jpg

ხელისუფლების შეუსრულებელი დაპირება და ჩაგდებული კანონპროექტი, ასევე რუსული საფრთხეები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა - ეს ის თემებია, რომლებზეც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამერიკელ პარტნიორებთან განიხილავენ. რამდენიმე საათში შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ჯორჯ კენტთან ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა დაიწყება. ქართველი პოლიტიკოსი ქალები ამერიკის ადმინისტრაციასა და პოლიტიკურ წრეებთან შეხვედრას მართავენ, ისინი აშშ-ს ადმინისტრაციასა და პოლიტიკურ კვლევებზე მომუშავე ინსტიტუტებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას გააცნობენ და იმ გზებზე ისაუბრებენ, რომელსაც ოპოზიცია შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამოსასვლელად ხედავს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე, კრიზისული სიტუაციიდან გამოსავალს ხელისუფლების მხრიდან იმ მოდელის მიღებაში ხედავს, რომელიც ოპოზიციურმა პარტიებმა მმართველ პარტიას შესთავაზეს. მისი თქმით, ამერიკელ პარტნიორებთან საუბრის თემა სწორედ ეს საკითხი იყო.

„კარგად ხედავენ ჩვენი პარტნიორები სახელმწიფოს მიტაცების მთელ სისტემას და მთელ სქემას, თუ როგორ ხდება დანაშაულებრივი სქემის ჩამოყალიბება, ჩვენ ვისაუბრეთ პოლიტპატიმრებზე, ვისაუბრეთ იმ ძალადობაზე, რომელსაც აქვს ადგილი ხელისუფლების მხრიდან, ვისაუბრეთ პრაქტიკულად ყველაფერზე რაც მნიშვნელოვანია. ვისაუბრეთ ზოგადად იმაზე თუ რა შეიძლება იყოს გამოსავალი ამ კრიზისიდან, პირველ რიგში, აუცილებელია ხელისუფლებამ, ივანიშვილმა მიიღოს ის წინადადებები, რომელიც აქვს ოპოზიციას, ვგულისხმობ საარჩევნო სისტემის იმ მოდელს, რომელიც წარმოდგენილია ერთიანი ოპოზიციის მიერ“,-განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ოპოზიციური პარტიები იმედოვნებენ, რომ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ხელისუფლებაზე ზეწოლა მოხდება იმისთვის, რომ ხელისუფლება აიძულონ, მიიღონ ის გადაწყვეტილებები, რაც ქვეყნის ინტერესებშია.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ელენე ხოშტარიას თქმით, საერთაშორისო პარტნიორები კარგად ხედავენ, რომ საქართველოში დემოკრატიის ეროზიის დიდი საფრთხეა, მისივე თქმით, ოპოზიციონერი ლიდერების ვაშინგტონში ჩასვლის მიზეზი, პირველ რიგში იმ გზებზე საუბარია, რაც მათ კრიზისიდან გამოსვლისთვის შეიმუშავეს.

„აბსოლუტურად ცალსახა არის, რომ წუხილი საქართველოს დემოკრატიაზე ჩვენს პარტნიორებზე ნამდვილად არის, ჩვენ აქ ჩამოსულები ვართ კონკრეტული გამოსავლით. მთლიანად ოპოზიციას აქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ ამ კრიზისიდან და იმ ზეწოლის პარალელურად რომელიც არის ქუჩებში არის ძალიან კონკრეტული, მარტივი, კონსტრუქციული გამოსავალი, იმისთვის, რომ ყველაფერი დაბრუნდეს პარლამენტში და რა თქმა უნდა ჩვენ ამ ყველაფერ ვუზიარებთ ჩვენს მეგობრებს. მათ კარგად ესმით თუ რამხელა საფრთხეა საქართველოში დემოკრატიის ეროზიის. ბიძინა ივანიშვილი ბედავს, რომ NDI-ს და IRI-ს დაესხას პირდაპირ თავს და გონია რომ ეს გაუვა. რა თქმა უნდა ეს ასე არ იქნება მე მგონია, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით ჩვენ მოვახდენთ ზეწოლას ქვეყნის შიგნიდან და ქვეყნის გარედან, რომ ვაიძულოთ ქვეყნის ინტერესებში რაც არის იმ გამოსავალზე გავიდეთ“,-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის თქმით, აშშ უკვე მრავალი წელია საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ქვეყანას დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებაში ეხმარება.

„აქ ძალიან კარგად ესმით ის, რომ საქართველო ვერ გახდება რუსეთის მინი მოდელი, როდესაც არჩევნებს აზრი აღარ ექნება. ამერიკის შეერთებული შტატები უკვე მრავალი წელია ეხმარება ჩვენს ქვეყანას, სწორედ დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებაში და რომ დღესაც აქტიურად გააგრძელებს მხარდაჭერას განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ვხედავთ რომ ბიძინა ივანიშვილმა სრული შეტევის ფართო ფრონტი გახსნა ყველა იმ ამერიკული ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას. მათთვის გასაოცარია, რომ ქვეყანა რომელიც აცხადებს, რომ დემოკრატიული ქვეყანაა ამ ქვეყნის მმართველი რიად და აშკარად თავს ესხმის მსგავს ინსტიტუტებს, მსგავსი რამ მათ ნანახი აქვთ მხოლოდ რუსეთში ჩინეთში და სხვა ქვეყნებში, სადაც არ არის არანაირი პოლიტიკური ილუზია იმასთან დაკავშირებით თუ რა სისტემა არსებობს“,-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოპოზიციური პარტიის ლიდერები საერთაშორისო რესპუბლიკის ინსტიტუტის პრეზიდენტს შეხვდებიან, ეს სწორედ ის ორგანიზაციაა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა სულ ცოტა ხნის წინ მკაცრად გააკრიტიკა, პოლიტიკოსების ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა იგეგმება, ადამ კინზიგერთან, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდების ფაქტს პირველი გამოეხმაურა.

 

 


close დახურვა