logo
ENG



შეზღუდვები ბიზნეს სერვისებზე, სანქციები მედიას - ბრიტანეთის დამატებითი სანქციები რუსეთს

04 მაი 202217:48
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/04/tqcwghxu62r9xhn.jpg

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა ლიზ ტრასმა დღეს რუსეთისთვის სანქციების ახალი პაკეტი გამოაცხადა. სანქციების ახალი პაკეტით რუსეთში ბრიტანული ბიზნეს სერვისების ექსპორტი იკრძალება. ასევე სანქციები უწესდებათ რუსულ მედიაორგანიზაციებსა და ჟურნალისტებს, ვინც ომის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს და პუტინის პროპაგანდისტული მანქანის ნაწილია.

ახალი ზომების მიხედვით, რუსეთის ბიზნესები ვერ ისარგებლებენ დიდი ბრიტანეთის მენეჯმენტის მრჩევლების, საბუღალტრო და და PR სერვისების მომსახურებით, რაც ამ სექტორებში რუსეთის იმპორტის 10%-ს ქმნის.

„პუტინის რეჟიმთან ბიზნესის კეთება მორალურად გაუმართლებელია და ომის მანქანის დაფინანსებას ეხმარება, რასაც უკრაინისთვის გაუგონარი ტანჯვა მოაქვს. რუსეთისთვის ბრიტანულ სერვისებზე წვდომის შეწყვეტა კრემლს მეტ წნეხს მოუტანს და საბოლოოდ დაეხმარება უკრაინაში პუტინის დამარცხებას." - განაცხადა ლიზ ტრასმა.

ბრიტანეთის ბიზნეს მდივანმა კვაზი კვარტენგმა კი აღნიშნა რომ ამ ნაბიჯით რუსეთზე ეკონომიკური წნეხი იზრდება.

„ჩვენი პროფესიონალური სერვისების ექსპორტები ბევრი ქვეყნისთვის განსაკუთრებით ღირებულია, სწორედ ამის გამო ვბლოკავთ რუსეთს.

რუსეთისთვის ჩვენი უმაღლეს ხარისხის მენეჯმენტის მრჩევლებზე, საბუღალტრო და PR ფირმებზე წვდომის შეზღუდვით, კრემლს ეკონომიკურ წნეხს ვზრდით, რათა კურსი შეცვალოს", - განაცხადა ბიზნეს მდივანმა. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სანქციები დამატებით იმ 63 ორგანიზაციასა და ინდივიდს შეეხება, ვინც სახელისუფლებო მედიაორგანიზაციებთანაა კავშირში. სანქციების ფარგლებში მათი აქტივები გაიყინება და ბრიტანეთში მოგზაურობა აეკრძალებათ.

ეს გაგრძელებაა იმ უკვე ძალაში შესული კანონმდებლობის, რომლის მიხედვითაც სოციალურ ქსელებს, ინტერნეტ სერვისებსა და აპლიკაციებს 2 რუსული სახელისუფლებო და პროპაგანდისტული მედიის RT-ისა და Sputnik-ის მასალების დაბლოკავა ევალებათ.

სანქცირებულ ორგანიზაციებს შორის არიან:

  • Channel One - რუსეთის სახელმწიფო არხი, რომელიც დეზინფორმაციის ერთ-ერთი წყაროა და უკრაინაში პუტინის არალეგალურ შეჭრას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად მოიხსენიებს“.
  • "რუსეთის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომპანია" - სახელმწიფო სამაუწყებლო კომპანია, რომელიც უკრაინაში პუტინის აგრესიას ამართლებს.
  • InfoRos - ახალი ამბების სააგენტო, რომელიც უკრაინისა და მათი რუსეთის დაზვერვასთან მისი კავშირების შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს.
  • SouthFront - უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ დეზინფორმაციის გამავრცელებელი ვებგვერდი.
  • "კულტურის სტრატეგიული ფონდი" - ონლაინ ჟურნალი, რომელიც უკრაინაში რუსეთის ქმედებებზე, მათ შორის რუსეთის როლზე ბუჩას მკვლელობებში ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.

სანქციები ასევე შეეხოთ ომის ჟურნალისტებს: ევგენი პოდუბნის (რუსეთის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომპანია), ალექსანდრ კოცს (Komsomolskaya Pravda) და დმიტრი სტეშინს (Komsomolskaya Pravda). 

დიდ ბრიტანეთს ამ დრომდე 1 600-ზე მეტი რუსეთის მოქალაქისა და ორგანიზაციისთვის აქვს დაწესებული სანქციები.

დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ განაგრძობს სოციალურ ქსელებთან მუშაობას, რათა აღმოაჩინოს და დაუპირისპირდეს კრემლის დეზინფორმაციის ოპერაციას და გაანადგუროს პუტინის პროპაგანდისტული მანქანა.


close დახურვა