საქართველოს პარლამენტმა შესაძლოა, 6 თვით გაახანგრძლივოს "საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ" კანონის მოქმედება, რომელიც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლებას აძლევს.
შესაბამისი ინიციატივა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ წარადგინა.
მან აღნიშნა, რომ კანონის ვადის გახანგრძლივება "ქვეყნისა და საზოგადოებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია".
"ბოლო პერიოდის ეპიდტენდენცია ადასტურებს, რომ სახელმწიფოს ჩარევა და გარკვეული შეზღუდვების დაწესება დროული და რელევანტური იყო. ამ ქმედითი ნაბიჯების გადადგმის საშუალება ხელისუფლებას საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონმა მისცა, რომლის მოქმედების ვადა, როგორც გახსოვთ, იანვრამდე განისაზღვრა. ეს ვადა რამდენიმე დღეში იწურება, რის შემდეგაც პროცესის მართვა მის გარეშე გაძნელდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ ვაინიცირებთ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონის მოქმედების დრო 6 თვით გახანგრძლივდება", - განაცხადა ხუნდაძემ.
მანვე იმედი გამოთქვა, რომ კანონის მოქმედების ვადის უფრო მეტად გახანგრძლივება საჭირო აღარ გახდება, რადგან "6 თვე არის გონივრული დრო, რომლის ფარგლებშიც საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი უნდა გახდეს".
ამასთან, ხუნდაძის განმარტებით, კანონის მოქმედების ვადის გახანგრძლივება არ ნიშნავს, რომ დაწესებული შეზღუდვები მომდევნო 6 თვის განმავლობაში ძალაში დარჩება ან უფრო მეტად გამკაცრდება.
"კანონის ვადის გაგრძელება არ ნიშნავს რომ პირდაპირ შეზღუდვები გაგრძელდება და აუცილებლად გამკაცრდება. ეს იძლევა საშუალებას მთავრობას რომ კრიზისი მართოს ეფექტურად და შესაძლო რისკები ააცილოს ქვეყანას", - თქვა დიმიტრი ხუნდაძემ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის საერთაშორისო გამჭვირვალობისა და საიას შეფასებით, ის, რომ მთავრობას უფლება ეძლევა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე დააწესოს მსგავსი შეზღუდვები, არაკონსტიტუციურია.
ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ქვეყანაში ახალი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა. მათ შორის, მოქმედებს გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.
24 დეკემბრამდე დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში, ასევე სათხილამურო კურორტებზე: ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში სურსათის მაღაზიების, სილამაზისა და სპა სალონების გარდა, დაკეტილია ყველა სხვა სავაჭრო ობიექტი.
მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, ყველა დაწესებული შეზღუდვა 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე შემსუბუქდება, კონკრეტულად:
- იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები;
- აღდგება, როგორც მუნიციპალური, ისე - საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.
მათივე ცნობით, 3 იანვრიდან ზემოთ ხსენებული ყველა შეზღუდვა აღდგება.
ნახეთ ყველა შეზღუდვა, რომელიც ქვეყანაში 28 ნოემბრიდან ამოქმედდა.