logo
ENG



შეთანხმების ხელმომწერი ოპოზიციონერები წერილით მიმართავენ მიშელს, ბორელსა და ვარჰეის

09 დეკ 202123:06
3 წუთის საკითხავი
 
შეთანხმების ხელმომწერი ოპოზიციონერები წერილით მიმართავენ მიშელს, ბორელსა და ვარჰეის

19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები წერილით მიმართავენ შარლ მიშელს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელსა და ევროკომისარს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის.

"15 დეკემბერს ბრიუსელში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე პოლიტიკური შეთანხმების ხელმომწერ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს გვსურს, გაგიზიაროთ ბოლოდროინდელი პოლიტიკური განვითარებები საქართველოში", - წერია წერილში, რომელიც შვიდი პუნქტისგან შედგება. პუნქტებში ისინი მიმოიხილავენ განვითარებულ პროცესებს:

  • "29 ივლისს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლა გამოაცხადა. მან ამის მზიეზად ნაციონალური მოძრაობის მიერ შეთანხმებაზე ხელის არმოწერა დაასახელა. პირველ სექტემბერს ენმ-ს პოზიციის ცვლილებას ამ საკითხზე, ხელისუფლების შემხვედრი ნაბიჯი არ მოჰყოლია. ისინი კვლავ აცხადებენ, რომ შეთანხმება ანულირებულია;
  • შეთანხმების ანულირებამდე, ქართულმა ოცნებამ დაარღვია ის. ამის მაგალითია, სასამართლოში დანიშვნების გაგრძელება, სასამართლო სისტემის რეფორმების შეფერხება, საარჩევნო რეფორმების არასრული განხორციელება და ამნისტიის კანონის შესახებ შეთანხმებული ვერსიის მიღებაზე უარი, რასაც უნდა დაესრულებინა პოლიტიკურად მოტივირებუ;ო მართლმსაჯულება ქვეყანაში;
  • კრიმინალური საქმეები ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ, მათ შორის, ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას ლელოს ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ დღემდე გრძელდება;
  • მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების პროგრესის ნაკლებობამ საქართველოს დააკარგინა ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარება;
  • ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკა სულ უფრო აგრესიული ხდება საქართველოს ევროპელი მეგობრებისა და ევროპელი პარტნიორების კრიტიკასთან დაკავშირებით;
  • ნოემბერში იუსტიციის მინისტრმა ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა და მისი ლიეტუველი კოლეგა რაიმონდას ლოპოტასი ციხეში არ შეუშვა. ისი გეგმავდნენ, გლდანის ციხეში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის პირობები ენახათ;
  • ანა ფოტიგა წლების განმავლობაში, არაერთხელ ყოფილა ქართულ ციხეებში პოლიტიკოსების მოსანახულებლად. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ვიზიტზე უარი ეთქვა. ეს, განსაკუთრებით, შემაშფოთებელია მას შემდეგ, რაც საქართველოს ომბუდსმენმა განაცხადა, რომ სააკაშვილის გლდანის ციხეში მოთავსება არღვევს სახელმწიფოს ვალდებულებას, პატივი სცეს ადამიანის ღირსებას. Amnesty International-მა გაავრცელა განცხადება, რომელშიც მის საქმეს "პოლიტიკური ანგარიშსწორება" უწოდა;
  • 19 აპრილის შეთანხმების საკვანძო საკითხი, საკონსტიტუციო რეფორმა გაჩერებულია. პოლიტიკური კონსენსუსის უპრეცენდენტო მაგალითი იყო, როდესაც სექტემბერში ოპოზიციამ და ხელისუფლებამ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს მას პარლამენტში. ახლა, ქართულმა ოცნებამ პროექტში ცვლილებების შეტანაზე დისკუსია განაახლა. მისი შინაარსის გადასინჯვა კიდევ ერთი უკუსვლა იქნება საქართველოსთვის და შესაძლოა მორიგი პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს".

პარტიები აღნიშნავენ, რომ ქართული ოცნების გადაწყვეტილებები მკვეთრად აზიანებს ევროკავშირი-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს.

"იმედი გვაქვს, ევროკავშირი გამოიყენებს დაგეგმილ სამიტს, როგორც შესაძლებლობას, შეახსენოს საქართველოს მთავრობას ის ვალდებულებები, რაც ევროკავშირის წინაშე იკისრა. პირობითობის პრინციპის გამოყენება, ქვეყნისთვის დახმარების გასაწევად, ერთადერთი გზაა, საქართველოს დემოკრატიული მომავლის დასაცავად, რათა დავაბრუნოთ ჩვენი ქვეყანა არჩეულ საგარეო კურსზე", - ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ:

  • ხატია დეკანოიძე - ნაციონალური მოძრაობა;
  • ბადრი ჯაფარიძე - ლელო;
  • ზურაბ გირჩი ჯაფარიძე - გირჩი — მეტი თავისუფლება;
  • სალომე სამადაშვილი;
  • ხათუნა სამნიძე - რესპუბლიკური პარტია;
  • გრიგოლ ვაშაძე;
  • გიორგი ვაშაძე;
  • იაგო ხვიჩია - გირჩი.

ქართულმა ოცნებამ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და ვალდებულებების შესრულებაზე უარი განაცხადა. უარის მიზეზად კი ოპოზიციის ქმედებები დაასახელა. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარდება. 

აპრილში დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარკების მიღწევის მიზნით დოკუმენტი შესთავაზეს, რომელშიც ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი. 


close დახურვა