logo
ENG



შეკავებიდან გავრცელებამდე - კორონავირუსი საქართველოში

17 მარ 202020:12
3 წუთის საკითხავი
 

შევა თუ არა საქართველო ვირუსის აფეთქების პიკში - ქვეყანა კორონავირუსთან ბრძოლის ახალ ეტაპზე გადავიდა და საშიშ ეპიდემიას საგანგებო მდგომარეობამდე არსებულ შეზღუდვებს უპირისპირებს. საიმედო არ ჩანს მთავრობის პროგნოზიც. ჯანდაცვის სისტემა დაინფიცირებულთა ნაკადის ზრდას, მოსახლეობა კი კარანტინის გამოცხადებას ელოდება. ამ დრომდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 34 შემთხვევაა დადასტურებული. 

საზღვრების ჩაკეტვის, იძულებითი თვითიზოლაციის, სამთო-სათხილამურო კურორტების დახურვის შემდეგ, მთავრობა სამარშრუტო ტაქსების მოძრაობას კრძალავს, 70 წელს ზემოთ პირებს კი, იზოლაციისკენ მოუწოდებს.

ერთადერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი ეპიდსიტუაციაში მოდუნების საფუძველს არ ქმნის, თუმცა გაზრდილი რისკების მიუხედავად, „ქართული ოცნება“ საგანგებო მდგომარეობის შემოღებას არ აპირებს. ამ გადაწყვეტილებების მიღებისას განმსაზღვრელი ადამიანების ჯანმრთელობის გარდა, ეკონომიკაცაა.  პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს ის დანაკარგი, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკა მიიღებს.

ამასთან, დღეს 2 საათის განმავლობაში ხვდებოდა პრემიერ-მინისტრი გუბერნატორებს კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით. განიხილეს საკითხები, რომელთა შორისაა რესტორნების, ფიტნესკლუბების, სპაცენტრების მუშაობის შეჩერება, პროდუქტების მარაგები და სამარშუტო ტაქსების მოძრაობის აკრძალვა. 

150 ხელოვნური სუნთქვის აპარატი, 600 დამატებითი საწოლი და ახალი სამედიცინო სივრცეები ქუთაისში, ბათუმსა და თბილისში - ეს არის მონაცემები, რომელზე დაყრდნობითაც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ სისტემა ვირუსის მართვას შეძლებს.

დილით გახდა ცნობილი კიდევ ერთი პაციენტის შესახებ, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინა. მას ბოლო ორ ინფიცირებულთან კონტაქტის ისტორია აქვს. ჯერჯერობით უცნობია, გამოჯანმრთელდა თუ არა ე.წ. მესამე პაციენტი, რომლის ანალიზებიც ჯერ კიდევ მოწმდება.

რეკომენდაციები უცვლელია. თვითიზოლაცია და ჰიგიენის წესების დაცვა პრევენციისთვის უმთავრესია. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მთავრობის გაცემული რეკომენდაციების შესრულება სავალდებულო გახდება.


close დახურვა